"სამუშაო ტემპით კმაყოფილი არ ვარ" [photo]

2021-01-27 16:19:37

რუსთავში, მუნიციპალური თეატრის უკან არსებულ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, მისი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და საკრებულოს წევრები გაეცნენ.

მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას აღნიშნა, რომ სამუშაო ტემპით კმაყოფილი არაა.

"გარკვეული კორექტირებები შევიდა პროექტში. პროექტი მასშტაბურია და ტერიტორიაც საკმაოდ დიდია, 25 000 კვადრატულია სარეაბილიტაციო ადგილი. ფაქტიურად, ყველანაირი საშუალებაა იმისი, რომ კომპანია თავისუფლად იმუშაოს და დათქმულ დროში ზაფხულის დასაწყისში მოახდინოს აღნიშნული სკვერის ხელშეკრულებებით გავალისწინებული პირობების შესრულება. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე სამუშო ტემპით კმაყოფილი არ ვარ",- განაცხადა ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მუნიციპალიტეტიდან სკვერის რეაბილიტაციისთვის 1 992 383 ლარია გამოყოფილი.

პროექტის მიხედვით, სკვერში მოეწყობა ბორდიურები და ფილით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები, დაიდგმება დეკორატიული და საპარკო სკამები, ასევე დეკორატიული სკამები საჩრდილობლით, მოეწყობა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე გასართობი მოედანი ბავშვებისთვის.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები