გაფრთხილების მიუხედავად, რუსთაველები კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარებით სარგებლობას აგრძელებენ.
გასულ თვეს კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი რუსთავის" სპეციალისტებმა რუსთავში, 4 237 აბონენტი შეამოწეს, აქედან 2612 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი აღმოჩნდა, რომელიც ჩახსნეს და დალუქეს.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ერთხელ უკვე ჩაჭრილი დანადგარები ბინის მეპატრონეებმა თვითნებურად, კუსტარულად დააერთეს ქსელზე.
რაც შეეხება მარტის თვეს, როგორც "ინფო რუსთავს" კომპანიდან აცნობეს, ქალაქის მასშტაბით 2019 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით 4 291 აბონენტი შემოწმდა, აქედან 2 674 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში ბოლო პერიოდის მანძილზე co-თი ინტოქსიკაციის ფაქტები გახშირდა, რომელიც გამოწვეულია კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებლებით.
"სოკარ ჯორჯია გაზი" მოსახლეობას აფრთხილებს, აკონტროლონ გაზის ხელსაწყოები და არ დაუშვან მათი კანონდარღვევით მონტაჟი. კატეგორიულად იკრძალება წყალგამაცხელებლებისა და სხვა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოების მონტაჟი სააბაზანო ოთახებში, დაუშვებელი და საშიშია, როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე მეზობლებისთვის.