საბერძნეთი თუ თურქეთი? - სად ჯობს მოგზაურობა

2026-10-21 18:39:16

საბერძნეთი თუ თურქეთი? - სად ჯობს მოგზაურობა

საბერძნეთი და თურქეთი საქართველოსთან ახლოს ქართველი მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებებია. ორივე ქვეყანა გვთავაზობს ზღვას, უძველეს ისტორიას, გამორჩეულ გასტრონომიასა და თვალწარმტაც ხედებს, თუმცა დასვენების სტილით ისინი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

თუ ამ ორ ქვეყანას შორის არჩევანის გაკეთება გიჭირს, მთავარია განსაზღვრო, რა გსურს შვებულებისგან, „All-Inclusive“ სისტემის მაქსიმალური კომფორტი, ევროპული კუნძულების სიმშვიდე, შოპინგი თუ ველური ბუნების დალაშქვრა? მოდი, განვიხილოთ თითოეული მიმართულების თავისებურებები, რათა შენთვის იდეალური ვარიანტი მარტივად შეარჩიო.

სად უფრო მარტივია გამგზავრება ქართველი ტურისტებისთვის

სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართველი მოგზაურებისთვის საზღვრის გადაკვეთა თურქეთში უპირობოდ ყველაზე ადვილია. საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრება მხოლოდ ID ბარათით, საზღვარგარეთის პასპორტის გარეშეც შეუძლიათ. გარდა ამისა, ქვეყანასთან პირდაპირი სახმელეთო საზღვარი გვაკავშირებს (სარფი, ვალე, კარწახი), რაც მოგზაურობას საკუთარი ავტომობილით ან ავტობუსითაც ხელმისაწვდომს ხდის. თბილისიდან და ბათუმიდან ყოველდღიურად რამდენიმე პირდაპირი ავიარეისი სრულდება სტამბოლის, ანტალიისა და სხვა ქალაქების მიმართულებით.


საბერძნეთში სამოგზაუროდ აუცილებლად დაგჭირდება მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი და შენგენის ზონის სტანდარტული წესების დაცვა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ბიუჯეტური რეისებია ათენსა და სალონიკში, პირდაპირი ფრენებია თბილისიდანაც. თუმცა, თუ კუნძულებზე დასვენება გსურს, ჩაფრენის შემდეგ დამატებით შიდა ფრენა ან ბორნით მგზავრობა მოგიწევს.

გადაადგილება ქვეყნის შიგნით - ავტომობილით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით?

თურქეთში შიდა ტრანსპორტის ქსელი კარგად არის გამართული. ქალაქებს შორის მოძრაობს უმაღლესი დონის, კომფორტული საქალაქთაშორისო ავტობუსები (მაგალითად, Kamil Koç ან Metro), სადაც ჩაი, ყავა და ინტერნეტი დაგხვდება. შიდა ავიარეისები ხშირად ძალიან იაფია, სტამბოლსა და ანკარას შორის ჩქაროსნული მატარებელიც მოძრაობს. დასავლეთ საქართველოდან ბევრი მოგზაური თურქეთის შავიზღვისპირეთსა თუ კაპადოკიაში საკუთარი ავტომობილითაც მარტივად მიემგზავრება.


საბერძნეთში გადაადგილება დამოკიდებულია იმაზე, მატერიკზე რჩები თუ კუნძულებზე მიდიხარ. მატერიკზე ავტობუსების ქსელი (KTEL) კარგად მუშაობს, კუნძულებს შორის კი ბორნები მოძრაობს. მიუხედავად ამისა, დიდ კუნძულებზე, როგორიცაა კრეტა, როდოსი ან კორფუ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით შედარებით ნაკლებად ცნობილ, თუმცა ულამაზეს პლაჟამდე ვერ მიხვალ. ამიტომ, საბერძნეთში სრული თავისუფლებისთვის ავტომობილის ქირაობა შეიძლება ითქვას, უცილებელიც კია.

რამდენი დღე გაქვს სამოგზაუროდ?

მოგზაურობის ხანგრძლივობა ხშირად თავად გკარნახობს სწორ გადაწყვეტილებას:

  • 3-4 დღე: შაბათ-კვირის გასატარებლად თურქეთის ქალაქებიდან სტამბოლი შეუდარებელია. მოასწრებ ისტორიული ადგილების ნახვას, გემრიელად კვებასა და შოპინგს. თუ დასავლეთ საქართველოდან მიდიხარ, ტრაპიზონსა და რიზეში მანქანითაც უპრობლემოდ გადახვალ. საბერძნეთში ამ დროში ათენის ან სალონიკის დათვალიერებას შეძლებ.

  • 5-7 დღე: თურქეთში ეს დრო საკმარისია ანტალიის ან ბოდრუმის სანაპიროზე სრული განტვირთვისთვის, ან სტამბოლისა და კაპადოკიის სანახავად. საბერძნეთში შეგიძლია სალონიკი და ჰალკიდიკის ნახევარკუნძული გააერთიანო, ან ათენს ერთი ახლომდებარე კუნძული (მაგალითად, ეგინა ან ჰიდრა) შეუთავსო.

  • 8-10 დღე და მეტი: თურქეთში შეგიძლია ეგეოსის ზღვისპირა ქალაქების (ფეთჰიე, ოლუდენიზი, კაში) დაუვიწყარი საგზაო ტური მოიწყო. საბერძნეთში კი ეს იდეალური დროა რამდენიმე კუნძულის სანახავად.

როგორი ტიპის დასვენება გსურს?

თურქეთი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ყოველდღიურ საზრუნავს სრულებით მოწყდეს. „All-Inclusive“ სასტუმროებში ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი - აუზები, ზღვა, კვება და გასართობი პროგრამები. ამას ემატება შოპინგის შესაძლებლობები მოლებსა თუ ტრადიციულ ბაზრებში.


საბერძნეთს სულ სხვა ესთეტიკა აქვს. აქ დასვენება უფრო დინამიკურია. თეთრი და ლურჯი სახლები, პატარა ოჯახური ტავერნები, სადაც ზღვის პროდუქტებსა და ბერძნულ სალათს დააგეემოვნებ და ყოველდღე ახალი სანაპიროების ძიება. საბერძნეთი სიძველეების მოყვარულებს  განსაკუთრებით მოეწონებათ.

სად უფრო იაფად იმოგზაურებ?

ბიუჯეტის დაგეგმვისას მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი ვალუტაა. თურქეთში ლირით ანგარიშსწორება ხდება, საბერძნეთში - ევროთი.


თურქეთში ხარჯების წინასწარ გათვლა ბევრად მარტივია. თუ საგზურს წინასწარ შეიძენ, ადგილზე კვებასა და გართობაში თანხის დახარჯვა თითქმის აღარ გიწევს. გარდა ამისა, კვება, ტრანსპორტი და შოპინგი თურქეთში შესამჩნევად ეკონომიურია.


საბერძნეთში ხარჯები ძირითადად ყოველდღიურ კვებაზე, ბორნის ბილეთებსა და მანქანის ქირაობაზე ნაწილდება. პოპულარულ კუნძულებზე (მიკონოსი, სანტორინი) სასტუმროები და რესტორნები საკმაოდ ძვირია, თუმცა ნაკლებად ცნობილ კუნძულებსა თუ მატერიკზე ბიუჯეტური დასვენებაც სავსებით შესაძლებელია.

სეზონის მიხედვით, როდის რომელ ქვეყანაში სჯობს წასვლა?

ზაფხულის პიკის სეზონზე (ივლისი–აგვისტო) ორივე ქვეყანაში ძალიან ცხელა. თურქეთის კურორტებზე მაღალ ტემპერატურას ტენიანობაც ემატება, საბერძნეთის კუნძულებზე კი სიცხეს ზღვის სასიამოვნო ნიავი ოდნავ ამსუბუქებს.


შემოდგომა (სექტემბერი–ოქტომბერი) იდეალური დროა ორივე მიმართულებისთვის. ზღვა ჯერ კიდევ თბილია, მზე კი ნაკლებად მწველი. თურქეთის სამხრეთში, ანტალიის რეგიონში, კომფორტული საზღვაო სეზონი ხშირად ნოემბრის პირველ ნახევრამდეც გრძელდება.


ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე თურქეთი ცალსახად უკეთესი არჩევანია. სტამბოლი წელიწადის ნებისმიერ დროს ცოცხალი ქალაქია, ხელმისაწვდომია სამთო-სათხილამურო კურორტები (ულუდაღი, ერჯიესი). საბერძნეთის კუნძულების უმეტესობაზე კი ზამთარში იკეტება სასტუმროები და მცირდება ბორნების მოძრაობა.

სანაპიროები და ზღვა

თურქეთის სანაპიროები (განსაკუთრებით ანტალიისა და ალანიის ზოლში) გამოირჩევა ფართო, ქვიშიანი ან წვრილკენჭიანი ზოლებით. აქ ყველაფერი მორგებულია მაქსიმალურ კომფორტზე. შეზლონგები და ბარები პირდაპირ წყალთანაა განთავსებული. ეგეოსის სანაპიროზე კი (მაგალითად, ოლუდენიზში) ულამაზესი ლაგუნა და მთებით გარშემორტყმული ყურეები გელოდება.


საბერძნეთი მრავალფეროვანი ბუნებით გამოირჩევა. აქ შეხვდები ვულკანურ შავ ქვიშას სანტორინიზე, ეგზოტიკურ ვარდისფერ ქვიშას კრეტაზე (ელაფონისი) და წარმოუდგენლად ფირუზისფერ, გამჭვირვალე წყალს იონიის კუნძულებზე (ლეფკადა, ზაკინთოსი). 

ვისთვის რომელი მიმართულებაა უკეთესი?

  • ოჯახებისთვის ბავშვებით: თურქეთი შეუდარებელია. სასტუმროების ინფრასტრუქტურა, საბავშვო აუზები, აკვაპარკები, ანიმატორები და მრავალფეროვანი შვედური მაგიდა მშობლებს საშუალებას აძლევს, თავადაც სრულფასოვნად დაისვენონ.


  • წყვილებისთვის: საბერძნეთის კუნძულები თავისი მყუდრო ქუჩებით, ხედებით განსაკუთრებულ რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის. თურქეთში მსგავსი გარემოს პოვნა შესაძლებელია ბუტიკ-სასტუმროებით ცნობილ ქალაქებში, როგორებიცაა კაში ან ალაჩათი.

  • შოპინგისა და აქტიური დასვენების მოყვარულთათვის: თურქეთი უკონკურენტოა. ტანსაცმლის, ტყავის, ტკბილეულისა და სანელებლების შესაძენად სტამბოლი საუკეთესო ლოკაციაა.

ინტერნეტთან კავშირი მოგზაურობისას

რომელი ქვეყანაც არ უნდა აირჩიო, გამართული ინტერნეტი უსაფრთხო და მშვიდი გადაადგილების მთავარი პირობაა. თურქეთში, რომელიც ევროკავშირში არ შედის, სტანდარტული როუმინგი ხშირად ძალიან ძვირია. საბერძნეთში კი კუნძულებს შორის ბორნების განრიგის კონტროლი, რუკებით სარგებლობა და საცხოვრებელთან კომუნიკაცია უწყვეტ კავშირს მოითხოვს.


mobineX-ის როუმიგ ინტერნეტი ამ პრობლემას უმარტივესად აგვარებს. არ გჭირდება ფიზიკური ბარათის გამოცვლა. ელექტრონულ ბარათს ტელეფონში სულ რამდენიმე წამში ააქტიურებ და ქართულ ნომერსაც ჩვეულებრივ ინარჩუნებ. mobineX-ი გთავაზობს ხელმისაწვდომ და მოქნილ ინტერნეტ პაკეტებს როგორც თურქეთის, ისე საბერძნეთის მიმართულებით, რაც მოგზაურობის პირველივე წუთიდან საიმედო კავშირის გარანტიაა.


საბერძნეთი თუ თურქეთი?

თუ შენი მიზანია სრული განტვირთვა, გეგმავ შოპინგს, მიდიხარ პატარა ბავშვებთან ერთად ან გსურს საზღვარგარეთის პასპორტის გარეშე, ეკონომიურად დაისვენო, თურქეთი საუკეთესო არჩევანია.


ხოლო თუ გხიბლავს ევროპული კულტურა, გიყვარს ყოველდღე ახალი ყურეებისა და სანაპიროების აღმოჩენა, გსიამოვნებს კუნძულებს შორის ზღვით მოგზაურობა და საღამოების მყუდრო ტავერნებში გატარება, თამამად დაგეგმე შენი შემდეგი შვებულება საბერძნეთში.