გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური განცხადება.

2017-03-12 04:51:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური ბრიფინგი - "პირველ რიგში, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. შინაგან საქმეთა მინისტრი ჩემი დავალებით ჩავიდა ბათუმში. ასევე, ზურაბ პატარიძის მომართვის საფუძველზე, საკითხის შესწავლამდე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებულ იქნა. 

აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. 

სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევასაც კი, შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით, მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა, მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან შესაძლო გართულებები. საგანგებოდ მინდა მივმართო ყველას, ვინც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას, დაემორჩილოს კანონს და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს".