ქალთა 32% მიიჩნევს, რომ მათი კარიერა მამაკაცად დაბადების შემთხვებაში უკეთ წარიმართებოდა.

2017-03-08 22:41:37

მონაცემთა კვლევის ჯგუფმა (DRG) საზოგადოებას კვლევის „ქალების კარიერულ წინსვლაზე მოქმედი ფაქტორები საქართველოში“ შედეგები წარუდგინა. შედეგების თანახმად, საქართველოში მცხოვრები ქალების 49% საკუთარი პროფესიით არ მუშაობს. გამოკითხულ ქალთა 20% დაუსაქმებლობას შვილების აღზრდით ხსნის. გამოკითხული ქალების 14% კი მიიჩნევს, რომ მამაკაცის გონებრივი შესაძლებლობები ქალისას აღემატება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ასევე, გამოკითხულ ქალთა 32% მიიჩნევს, რომ მათი პროფესიული კარიერა მამაკაცად დაბადების შემთხვებაში უკეთ წარიმართებოდა. გამოკითხვისას ქალებმა სამახურში განცდილი ძალადობის შესახებ კითხავასაც უპასუხეს. კერძო სექტორში დასაქმებული ქალების 21%, ხოლო საჯარო სექტორში დასაქმებული ქალების 8% შეკითხვას – განგიცდიათ თუ არა სიტყვიერი, ფიზიკური ან სქესობრივი ძალადობა სამსახურში – დადებითად პასუხობს. კარიერული წინსვლის საჭიროებად გამოკითხული ქალები უცხო ენების შესწავლას, კომპიუტეტულ უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, თვითრწმენის გამყარებას და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების საჭიროებას ასახელებენ. გამოკითხვა მონაცემთა კვლევის ჯგუფმა (DRG) 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და თებერვალში დაასრულდა. სულ ქვეყნის მასშტაბით 1350 ქალი გამოიკითხა.