ჟიული შარტავას იუბილე (ფოტოები).

2017-03-07 22:56:19

რუსთავში ჟიული შარტავას იუბილე აღნიშნეს. ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა პაატა მხეიძემ და გიორგი ბეგაძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. მიმდებარე ტერიტორიაზე #4 (ჟიული შარტავას სახელობის) საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირე წარმოდგენა მოაწყეს.

ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე გენერალ-მაიორი 1993 წელს. 1993 . 27 სექტემბერსსოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.

1985 წელს ჟიული შარტავა რუსთავის საქალაქო კომპარტიის პირველ მდივნად დაინიშნა (რაც დღეს არსებული პოლიტიკური წყობის მართველობით ქალაქის მერის პოზიციას უთანაბრდება). 17 თვე ხელმძღვანელობდა ქალაქს, შემდეგ კი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარედ გადაიყვანეს. 17 თვის განმავლობაში შარტავამ მოახერხა და რუსთაველებს გაკეთებული საქმეებით თავი დაამახსოვრა. ქალაქში მუდამ იყო წყლის პრობლემა, ხრამიდან ქალაქამდე მანძილი მონაკვეთებად დაყო, საწარმოებს წყლის გაყვანა დაავალა და გახსნა იალღუჯის წყალსაცავი. ქალაქის ცენტრალური ქუჩა გაიყვანა ბოლომდე და საავტომობილო გზა თბილისიდან მომავალ გზას შეუერთა. მანამდე რუსთავში შემოსასვლელი გზა თბილისის ქუჩიდან იყო. ააშენა ახალი ხიდი (ამჟამად სასაფლაოებისკენ მიმავალი ხიდი). 1986 წელს გახსნა საბავშვო რკინიგზა, მოაწყო სკვერები და სპორტული მოედნები.

ჟიული შარტავა იყო პირველი მაჟორიტარი დეპუტატი რუსთავიდან, რომელიც ხალხმა აირჩია. 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული წესით რუსთავში, 9 კანდიდატი იყრიდა კენჭს. ამომრჩეველთა უმრავლესობამ ჟიულის მისცა ხმა. დეპუტატობის დროს ჟიულის უშუალო ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რუსთავის კეთილდღეობისა და აღორძინების ცენტრი.