მერიაში „სოკარ გაზის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

2017-03-07 20:43:42

ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის გახშირებული შემთხვევების გამო რუსთავის მერიაში ადგილობრივ თვითმმართველობასა და კომპანია „სოკარ გაზის“ წარმომადგენლებთან სპეციალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გაზით ინტოქსიკაციის ფაქტების შემცირებასა და პრევენციულ გზებზე ისაუბრეს. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით რუსთავში გაზით ინტოქსიკაციის 119 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში კი ამ მიზეზით 5 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანიც გაარდაიცვალა. კომპანიის წარმომადგენლები პრობლემის მიზეზად არასწორად დამონტაჟებულ გაზდანადგარებს მიიჩნევენ, მათი თქმით საფრთხეს ერთკამერიანი წყალგამაცხელებლები, აღნიშნული მოწყობილობების გამწოვი მილების სავენტილაციო არხებში ჩაერთება და მათი სააბაზანოებში დამონტაჟება ჰქმნის.

„გაუმართავი გაზის ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე და სავენტილაციო არხების მოხმარებისას შესაძლებელია სათავსოში მხუთავი აირის CO-ს გამოყოფა, რომელიც უფერო, უსუნო, უგემო და ძლიერ მომწამვლელია. გარემოში 0.5% CO-ს დაგროვება 20-30 წუთში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1% შესუნთქვისას 1-2 წუთში იწვევს სიკვდილს.“ - აღნიშნულია „სოკარ-ჯორჯია-გაზის“ განცხადებაში.

შეხვედრაზე მერიიის მხრიდან გაჟღერდა იდეა გაამკაცრონ წესი აბონენტებისთვის, რომელთაც არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარები აქვთ და შეუწყდეთ ბუნებრივი აირის მიწოდება პრობლემის აღმოფხვრამდე.

ასევე იდეის დონეზე საუბარი იყო ე.წ CO-ს საზომი სენსორების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასოდ გადაცემის თაობაზე. შეხვედრაზე მხარეებმა მოსაზრებები შეაჯერეს და შეთანხმდნენ, რომ ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საკითხთან დაკავშირებულ საინფორმაციო ბუკლეტებს დაარიგებენ.

შეგახსენებთ, რუსთავში „სოკარ გაზის“ 48 000 აბონენტია, მათგან კი აქტიური 43 000-ია.

აღნიშნულ თემაზე „ინფო რუსთავის“ პირდაპირი ეთერის სპეციალური გამოშვება 19 საათზე იყო, სტუდიაში მოწვეულმა სტუმარმა „სოკარ გაზი“-ს რუსთავის სერვის-ცენტრის მენეჯერმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.