რუსთაველი მოსწავლეების პროექტმა გაიმარჯვა.

2017-03-04 18:42:06

რუსთაველი ახალგაზრდები მიმდინარე წლის აპრილში მოსწავლეთა საერთაშორისო კონკურს “Diamond Challenge”-ში მონაწილეობის მისაღებად ამერიკაში გაემგზავრებიან. “Diamond Challenge“-ი საქართველოში საგანმანათლებლო ორგანიზაცია „სიქასა“ და “EMT”-ის მხარდაჭერით ტარდება.

საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები 4-დან 5 თვემდე პერიოდში  მეწარმეობის შესახებ ცოდნას იღებენ, ამის შემდეგ კი გუნდებად ფორმირდებიან, კონკურსისთვის რეგისტრირდებიან და თავიანთ ბიზნეს პროექტს ჟიურის წარუდგენენ. ბიზნეს- პროექტებს ჟიური არა იდეის არამედ, იმის მიხედვით არჩევს, თუ რამდენად კარგადაა მომზადებული ის. წელს საქართველოში გამართულ კონკურსში ქ.რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის 3 მოსწავლის პროექტმა გაიმარჯვა. რუსთაველი მოსწავლეები ამერიკაში კონკურსის საფინალო ეტაპში მონაწილეობის მისაღებად აპრილის თვეში გაემგზავრებიან, სადაც ადგილობრივ ბიზნესმენებთან კონსულტაციას გაივლიან და კონკურსის ფინალში თავიანთ პროექტს წარადგენენ. საერთაშორისო კონკურსზე 10 ქვეყანაა წარმოდგენილი.

როგორც „EMT”-სა და „სიქას“ დამფუძნებელმა, ასევე “Diamond Challenge“-ის წარმომადგენელმა საქართველოში, პავლე თვალიაშვილმა „ინფო რუსთავს“ განუცხადა, უფროსკლასელებისთვის მეწარმეობის სწავლების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამის მორიგი რაუნდი სექტემბერში გამოცხადდება.