წარწერები კედლებზე, გატეხილი ურნები და დაზიანებული საბავშვო მოედნები (ფოტოები).

2017-02-27 13:59:38

რუსთავში ვანდალიზმის ფაქტები უკვე წლებია ფიქსირდება. ამჯერად მსგავსი შემთხვევა კოსტავას ახლად რეაბილიტირებულ ქუჩაზე დაფიქსირდა. სახლების შეღებილ ფასადებზე სხვადასხვა სიმბოლო და წარწერა გაჩნდა, გარდა ამისა დაზიანებულია რუსთავში  განთავსებული ქვის ურნებიც. ქალაქის მასშტაბით კი დაზიანებულ საბავშვო მოედნებს, სპორტულ სტადიონებს, ბიუსტებს, ძეგლებსა და სხვა ობიექტებსაც შეხვდებით. ვანდალიზმი საზოგადოების, ან კერძო პირების კუთვნილი კულტურული და მატერიალური ფასეულობების მიმართ განხორციელებულ ქმედებას ნიშნავს, რაც ამ ფასეულობების უაზრო, სასტიკ, ბოროტ და უმეცარ განადგურებაში გამოიხატება.

როგორც „ინფო რუსთავს“ ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კუპატაძემ განუცხადა, ქალაქის იერსახის წარწერებით დამახინჯების შემთხვევაში, ვანდალიზმის ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავის იდენტიფიცირებისას  პირველ ეტაპზე სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა და პიროვნების 500 ლარის ოდენობით დაჯარიმება ხდება.
ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტებზე რეაგირება კი საპატრულო პოლიციის კომპეტენციაში შედის.