თამბაქოს მოწევა სრულად აიკრძალება ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში.

2017-02-26 15:21:57

პარლამენტში ახალი კანონპროექტია წარდგენილი, რომელიც, თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს. კანონპროექტის ინიციატორი გუგული მაღრაძეა.

კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა სრულად აიკრძალება ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების,ასევე ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ ტერიტორიაზე, გარდა ამისა, 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე. მოწევა აიკრძალება სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებში, გარდა სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობის დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოცემული სპეციალური ბრძანებით , ასევეა კრძალვა არ იმოქმედებს კერძო საცხოვრებელ სახლებში, თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზირებულ ლაბორატორიულ დანადგარებში და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, დარღვევის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაწესებულების ხელმძღვანელმა დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება.

გარდა ამისა, პროექტით აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ იგი ხილვადია ობიექტის შიგნიდან ან გარედან.

„პროექტის მიხედვით, თუკი თამბაქოს ნაწარმის რეალიზატორი ვერ ადასტურებს, რომ თამბაქოს ნაწარმის მყიდველი პირი სრულწლოვანია, იგი ვალდებულია და უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს მისი სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტი და მხოლოდ სრულწლოვანებაში დარწმუნების შემდეგ მიჰყიდოს მას თამბაქოს ნაწარმი“, - აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტტან დაკავსირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემაც „საქართველოში ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება თამბაქოს მოწევის მიზეზით. ეს არის ის 11 000 ადამიანი, ვისაც შეეძლო 10-15-20 წლით მეტი ეცოცხლა. 60% ჩვენი ბავშვების არის თამბაქოს ზემოქმედების ქვეშ, მათან 15% თამბაქოს ეწევა, დანარჩენი კი არის პასიური მწეველი, ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი კი თამბაქოს მწეველია. მარტო ამ მშრალი სტატისტიკიდანაც ჩანს რამდენად დიდი პრობლემაა“- აღნიშნა ზოიძემ.