თვითმმართველობის 2016 წლის ხელფასები.

2017-02-16 22:11:42

საინფორმაციო პორტალმა "ინფო რუსთავი" რუსთავის თვითმმართველობას წერილით 30 იანვარს მიმართა. წერილის შინაარსის მიხედვით ვითხოვდით 2016 წლის სახელფასო ბიუჯეტის გადანაწილების დეტალურ აღრიცხვას. "ინფო რუსთავის" ინტერესის სფერო ასევე იყო იმ მაღალჩინოსნების თანამდებობრივი სარგოს შესახებ საჯარო ინფორმაციის მიღება, რომლებიც თვითმმართველობაში წამყვან პოზიციებზე მუშაობენ.

ინფორმაციის მოწოდებამ რამდენიმე დღით დაიგვიანა, რომ გავარკვიეთ მიზეზები გვითხრეს,  რომ საპასუხო წერილი 9 თებერვალს ფოსტით გამოიგზავნა, ფოსტაში კი დაზუსტდა, რომ წერილი 15 თებერვალს მივიდა, ანუ იმ დღეს, როდესაც გვითხრეს რომ წერილი 1 კვირის წინ გამოიგზავნა. მიუხედავად ამ გაუგებრობისა "ინფო რუსთავი" მადლობას უხდის რუსთავის თვითმმართველობას ინფორმაციის მიწოდებისთვის.

ხელფასების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ ვრცელია და მის დეტალურად გასაჯაროვებას დროდადრო მოვახერხებთ, მთავარი რაზეც დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ შემდეგია: ქალაქის ბიუჯეტიდან თვითმმართველობაში დასაქმებულებისთვის ხელფასების გასაცემად 2016 წელს 4 558 580 ლარი დაიხარჯა (ამ თანხაში არ იგულისხმება ააიპ-ებში დასაქმებულების ანაზღაურება).

მერის, მისი მოადგილეების და მრჩეველის ანაზღაურებამ (სულ 4 ადამიანი) გასულ წელს 217 603 ლარი, 10 სამსახურის უფროსის და მათი 7 მოადგილის ანაზღაურებამ 584 268 ლარი, მერის 10 წარმომადგენლის ხელფასმა კი 228 275 ლარი შეადგინა. 28 განყოფილების უფროსის, 17 დამხმარე მოსამსახურის, 35 მთავარი სპეციალისტის, 68 უფროსი სპეციალისტის, 39 წამყვანი სპეციალისტის და 26 სპეციალისტის ანაზღაურებამ (სულ 213 ადამიანი) გასულ წელს ჯამში 2 726 813 ლარი შეადგინა. 16 ააიპ-ის დირექტორის ჯამური ხელფასი 431 159 ლარია, წერილში არ იყო მითითებული აიპებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურება.

უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებთ საკრებულოს სახელფასო ანაზღაურებას და იმ კონკრეტული პირების ხელფასებს, რომლებიც თვითმმართველობაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.