100 გრამამდე ნედლი მარიხუანის მოხმარებაზე საპატიმრო სასჯელი გაუქმდა.

2017-02-15 18:55:06

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინებაში მითითებული მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.

N1/4/592 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის შეძენა-შენახვის გამო. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ მისივე ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, იმ პირობებში, როდესაც მარიხუანის შეძენითა და შენახვით იგი ზიანს არ აყენებს სხვის ჯანმრთელობას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა არ მიიჩნია, ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის მისი გასაღების გარდაუვალ საფრთხეს.

N855 კონსტიტუციური წარდგინების განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ კანონის მიხედვით, ნარკოტიკული თრობის თვალსაზრისით, 100 გრამი ნედლი მარიხუანის ეკვივალენტურ მასად მიჩნეულია 50 გრამი გამომშრალი მარიხუანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვა არ არის 70 გრამ გამომშრალ მარიხუანის შეძენასა და შენახვაზე მაღალი საფრთხის შემცველი. შესაბამისად, ვერც ის გამოდგება ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის გასაღების რეალურ საფრთხეებს.