მარჯვენასაჭიანი მინივენებით მგზავრების გადაყვანა შეიზღუდება.

2017-02-15 17:44:24

თბილისის მერია ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც დედაქალაქისკენ  სხვა ქალაქებიდან მიმავალ სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება. კერძოდ, კანონპროექტი ე.წ მინივენის ტიპის სამგზავრო მანქანების მოძრაობაზე გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს,მათ შორის საუბარია მარჯვენასაჭიან მინივენებზეც. კანონპროექტზე მუშაობის აუცილებლობა, თბილისში არსებულმა გადატვირთულმა მოძრაობამ, რუსთავიდან, მცხეთიდან და სხვა ქალაქებიდან მიმავალი სამგზავრო ტრანსპორტის მიერ დედაქალაქში მოძრავ ტრანსპორტთან კონკურენციის გაწევამ, თვითნებურმა გაჩერებებმა და გადაადგილებამ განაპირობა.

როგორც ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ლავრენტი ალანიამ  „ინფო რუსთავს“ განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეხვედრა უკვე გაიმართა. მისი ინფორმაციით, ახალი პროექტი მგაზვრთა უსაფრთხოებისა და შიდასაქალაქო ტრანსპორტთან მიმართებაში არსებული კონკურენციის შეჩერების მიზნით დედაქალაქში მინივენების მოძრაობას შეზღუდავს.

 „მინივენს არანაირი გადასახადი არ გააჩნია, დადის როგორც მსუბუქი ტაქსი, მას უკვე გააკონტროლებს  მერიის შესაბამისი სამსახური, ეს შეზღუდავს მინივენების ე.წ თარეშს,  უკანონო მგზავრგადაყვანას, ასევე მოიხსნება ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემა, მათზეც(მინივენებზე) გავრცელდება იგივე კანონი, რაც ვრცელდება სამგზავრო ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე.“- განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

კანონპროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, თბილისის მერია კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენს.