ხმაურს პატრული გაზომავს.

2017-02-14 17:22:42

შესაძლოა საქართველოში დღისა და ღამის საათებში ხმაურზე სანქცია დაწესდეს. კანონპროექტის ავტორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძეა. კანონპროექტი პარლამენტში შესულია როგორც საკანონმდებლო წინადადება და შექმნილია შესაბამისი  სამუშაო ჯგუფი, რომელიც განხილვისთვის მოსამზადებელ პერიოდს გადის, შემდეგ ეტაპზე კი  საკანონმდებლო წინადადება ინიციატივად დარეგისტრირდება და  უშუალოდ განხილვები დაიწყება.

კანონის მიღების შემდეგ, მოქალაქეს, რომელსაც ხმაური შეაწუხებს, შეძლებს პატრულის გამოძახებას, რომელიც ე.წ „ხმაურმზომით“ დაადგენს აღემატება თუ არა ხმაური ნორმას და დაეკისრება თუ არა სანქცია სამართალდამრღვევს.

თუ ხმაური დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი ან საზოგადოებრივი შენობის სათავსებში აღწევს  და მისი დონე დადგენილ ნორმატივს აღემატება, პირის გაფრთხილებას გამოიწვევს, ერთი წლის განმავლობაში მეორედ ჩადენის შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. ერთი წლის განმავლობაში მესამედ და მომდევნოდ სამართალდარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური პირის ჯარიმა 300 ლარით, იურიდიული პირისა კი 1000 ლარით განისაზღვრება.

კანონპროექტის შემუშავების მიზეზი იმ მოსახლეობის ინტერესების დაცვაა, რომლებსაც ხმაური მათ საცხოვრებელ სათავსებში აწუხებთ და რომელთა პრობლემების მოგვარების სამართლებრივ ბერკეტს დღემდე საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ხმაური დაავადებათა წყაროც შეიძლება გახდეს, მაგ: 100 დეციბელზე მაღალი ინტენსივობის ხმაური სმენის დაქვეითებას  სრულ სიყრუემდე იწვევს.