რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა (ფოტო).

2017-02-06 22:36:18

რუსთავში, XIX მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცმა მელია მოკლა, ხეზე დაკიდა გაატყავა, ფოტოები გადაუღო და ფეისბუქზე გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით: "დღევანდელია 09:30 წუთზე გავახარე 3 ნომრით 34 გრამით, მერე თქვენც ხედავთ რა ბედი ეწია".

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველი ფოტოს საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებები გაატარეს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოტოზე ასახული პირის იდენტიფიცირება მოახდინეს, რის შემდეგაც გავიდნენ ადგილზე, სადაც მელა მოკლული და გატყავებული დახვდათ.
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კანონდარღვევის ჩადენის იარაღი და უკანონოდ მოპოვებული მელიის ტყავი.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.