რამდენი იბრძოლებს სამშობლოს დასაცავად.

2017-02-04 21:55:57

ასოციაცია WIN / Gallup International-მა 64 ქვეყანაში ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა,რომელიც მიზნად ისახავდა, გამოერკვია გამოკითხულთა რა რაოდენობაა მზად, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნის დასაცავად იბრძოლოს. კვლევის მიხედვით, საქართველომ 64 ქვეყანას შორის მე-9 ადგილი დაიკავა. საქართველოში კითხვაზე: „იომებდით თუ არა თქვენი ქვეყნისთვს?“ დადებითი პასუხი გამოკითხულთა 76%-მა გასცა. შესაბამისად, საქართველოში გამოკითხულთა 76% მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, იბრძოლოს საკუთარი ქვეყნის დასაცავად. პოსტსაბჭოთა სივრციდან აღნიშნული მაჩვენებლით საქართველოს, მხოლოდ აზერბაიჯანი(85%) უსწრებს. დადებითი პასუხის გაცემის კუთხით, გამოკითხულთა საერთო რაოდენობაში 18-34 წლამდე ასაკის პირები დომინირებენ, მათი ძირითადი ნაწილი კი მამაკაცია.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთში ქვეყნის დასაცავად ომისთვის მზადმყოფთა რაოდენობა 59%-ია, უკრაინაში 62%, სომხეთში კი 72%. დადებითი პასუხის ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია იაპონიაში(11%), ნიდერლანდებსა(15%) და გერმანიაში (18%). საერთო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით 61% მზადაა იბრძოლოს საკუთარი ქვეყნისთვის, 27% კი უარს აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის დასაცავად ომში ჩაებას.

რელიგიური დაყოფის მიხედვით კი ისლამური ქვეყნების მოსახლეობა ომისთვის ყველაზე დიდ მზადყოფნას გამოთქვამს - 78%. (იხ. ფოტოები)