"აზოტიდან" გათავისუფლებული მუშები კომპენსაციას მიიღებენ.

2017-02-02 11:55:58

EU Investments-ის გენერალურმა დირექტორმა "რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებულ მუშებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ეფრემ ურუმაშვილის განცხადებით, გამოთხოვილ იქნა იმ თანამშრომელთა სია, რომელთა დასაქმებაც EU Investments-ის მიერ ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, მომდევნო 3 თვის განმავლობაში კომპანია თავის თავზე აიღებს ქარხნის ყოფილი თანამშრომლების სოციალურ დაცვას და უზრუნველყოფს ფინანსური დახმარების გაცემას თითოეულ მათგანზე თვეში 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული კომპენსაცია გაიცემა მიუხედავად იმისა, გააგრძელებს თუ არა ქარხნის ყოფილი მესაკუთრე მათთვის ხელფასების ან/და სხვა კომპენსაციის გადახდას; კომპანიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია მუშებს არაუგვიანეს მომდევნო კვირის ორშაბათიდან დაუკავშირდება და მათთან კომპენსაციის გაცემის მიზნით ხელშეკრულებას გააფორმებს.

”EU Investments კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომპანიის მიერ მოხდა შპს „რუსთავის აზოტის“ 2000-ზე მეტ თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მათი სოციალური და სახელფასო უზრუნველყოფის მიზნით, რათა ქარხნის ამუშავებამდე პერიოდში არ მომხდარიყო მათ სახელფასო ანაზღაურებაში წყვეტა. იმ პირობებში, როდესაც ქარხანა არ ფუნქციონირებს და უწევს ურთულეს ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება, კომპანიის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ადასტურებს სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ დონეს. ამასთანავე, კომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემდგომ პრიორიტეტულად დაასაქმოს ქარხნის დანარჩენი მუშა-მოსამსახურეებიც, რომლებიც კომპანიის ინფორმაციით დღემდე ირიცხებიან ქარხნის ყოფილი მესაკუთრის თანამშრომლებად." - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
პარალელურად, საპროტესტო აქცია "აზოტის" საწარმოსთან ისევ გრძელდება. აქციის მონაწილეები ქარხნიდან გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენასა და საწარმოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, საპროტესტო აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.