საბავშვო ევროვიზია საქართველოში ჩატარდება.

2017-02-01 19:31:19

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით 2017 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსი საქართველოში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, პრესკონფერენცია გაიმართა.

საქართველოში საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ჩატარდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი უკვე  მეთერთმეტედ წარადგენს მონაწილეს საბავშო კონკურსზე. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, კონკურსის ფარგლებში საქართველოს ბევრი უცხოელი სტუმარი ათეულობით ქვეყნიდან ეწვევა, მათ შორის ჟურნალისტების დიდი კორპუსი, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის, მისი კულტურისა და ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარდგენისათვის.

შეგახსენებთ, 2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა. მსგავსი შედეგი კონკურსის ისტორიაში არცერთ ქვეყანას არ ჰქონია.

საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავზება, რომ  2017 წლის საბავშვო ევროვიზია საქართველოში ჩატარებულიყო. კონკურსის დეტალები თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი. საბავშვო ევროვიზიას პირდაპირ ეთერში 50 ქვეყანა გადასცემს. კონკურსს კი ყოველწლიურად 4 მილიონი მაყურებელი ადევნებს თვალს.

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად 2008 წელს  ჯგუფ "ბზიკების" გამოსვლით გაიმარჯვა. მეორედ კი 2011 წელს ჯგუფმა Candy, მოიპოვა გამარჯვება. ბოლოს კი საქართველომ პირველი ადგილი მარიამ მამადაშვილის სიმღერით „მზეო“დაიკავა.