ბოლნისში შველზე ინადირეს, ტყვიავში კი გადაარჩინეს (ვიდეო).

2017-01-31 15:17:03

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. სოფელ სამწვერისის ტერიტორიაზე დევნის განხორციელების შედეგად გაჩერებული ავტომანქანის საბარგულში აღმოჩნდა გატყავებული და დანაწევრებული ორი შველი. ექსპერტიზამ, რომელიც ხორციდან აღებულ ნიმუშებს ჩაუტარდა, დაადასტურა, რომ გადაგზავნილი ორი ნიმუში შვლის ინდივიდს მიეკუთვნება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი შველი ველურ ბუნებაში დააბრუნეს. სოფელ ტყვიავში, მოქალაქემ საკუთარ ბაღში ღობის ხლართებში გაბმული შველი იპოვა, შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მყისიერად გავიდნენ ადგილზე. ცხოველს გარეგნულად დაზიანება არ აღენიშნებოდა.თანამშრომლებმა შველი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და ეროვნული პარკის თანამშრომლებთან ერთად სოფელ წიწამურის მახლობლად, თბილისის ეროვნული პარკის საგურამოს უბანზე გაუშვეს.