რუსთაველი ახალგაზრდის წარმატება

2018-08-12 23:11:29

რუსთაველი ახალგზარდა ოჰაიოს ერთერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, 18 წლის ექვთიმე ბარამიძე სტუდენტურ ცხოვრებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცინცინატის უნივერსიტეტში (University of Cincinnati) საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განაგრძობს. ექვთიმემ საქართველო გასულ ზაფხულს დატოვა, ამერიკის ერთერთ სკოლაში განაგრძო სწავლა და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად 1 წელი ემზადებოდა. ამერიკაში ის მამასთან ერთად ცხოვრობს.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას ექვთიმე აღნიშნავს, რომ ცინცინატის უნივერსიტეტში გამოცდის ჩაბარება ადვილი არაა და საკმაოდ მაღალი კონკურსია, მით უფრო მაშინ როცა ინგლისურ ენას საკმარისად კარგად არ ფლობ. ექვთიმეს შრომა დაუფასდა და საუნივერსიტეტო გამოცდაზე საშუალოზე (15 ქულა) მაღალი შედეგი, 17 ქულა მიიღო.
"აქ ახალგაზრდობა რაზეც ოცნებობს ეს არის დამოუკიდებლობა, უნივერსიტეტში სწავლა და გართობა. საბედნიეროდ იმ ასაკში მოვხვდი აქ რომ სამივეს შევძლებ," - ამბობს ექვთიმე ბარამიძე.

ექვთიმე გარდა სწავლისა ამერიკაში სპორტითაც არის დაკავებული. თამაშობს კალათბურს და ფეხბურთს. ამერიკაში სწავლის პერიოდში ის სკოლის მთავარი გუნდის წევრი და აქტიური მოთამაშე იყო. საქათველოში ყოფნისას თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება სურდა, თუმცა გეგმები შეიცვალა და ახლა ცინცინატში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლას განაგრძობს.

რუსთაველი ახალგაზრდა “ინფო რუსთავს“ სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა, ის 4 წლიანი სწავლების შემდგომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. “სწავლის დამთავრების შემდეგ ნებისმიერ ადგილზე შევძლებ მუშაობას, სადაც  ჩემს პროფესიას მოითხოვენ. პიროვნულადაც დიპლომატი ვარ, უბრალოდ მინდა საქართველოსთან მჭირდრო კონტაქტი მქონდეს. ჩემი მთავარი მიზანია გავხდე ელჩი," - აცხადებს ექვთიმე ბარამიძე.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი