ელექტრონული ჟურნალები რუსთავის სკოლებში.

2017-01-28 13:05:45

რუსთავის სკოლებში პირველად ელექტრონული ჟურნალების წარმოება დაიწყება. ელექტრონული ჟურნალები რუსთავის 7 საპილოტე სკოლაში ორშაბათიდან შევა. რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული სკოლების პერსონალს შესაბამისი ტრენინგები უკვე გავლილი აქვს და ელექტრონული ჟურნალის წარმოებას მატერიალურ ჟურნალთან ერთად პარალელურ რეჟიმში დაიწყებენ.

ელექტრონული ჟურნალები ზოგიერთ სკოლაში უკვე შესულია, ახალი სისტემით რუსთავის №1, №10-ე, №7-ე, №12-ე, №13-ე, №18-ე და №22-ე სკოლები ისარგებლებენ. ელექტრონული ჟურნალებისთვის სკოლებში კომპიუტერების მიწოდება ეტაპობრივად მოხდება, განსაზღვრული წესის თანახმად, ელექტრონული ჟურნალები კლასებში უნდა განთავსდეს, თუმცა ზოგიერთ სკოლაში მხოლოდ სამასწავლებლოში განთავსდება, რათა კომპიუტერები არ დაზიანდეს.

მასწავლებლების თქმით, ელექტრონული ჟურნალების გამოყენება მათთვის უფრო კომფორტული იქნება და ჟურნალის წარმოების პროცესს შედარებით გაამარტივებს, რადგან აღნიშნული ჟურნალი ქულებს ავტომატურად დააჯამებს. გარდა ამისა, პედაგოგებს სამუშაო საათებში, სკოლის ტერიტორიაზე ჟურნალის წაროება მობილური აპლიკაციის საშუალებითაც შეეძლებათ.