მემორანდუმი მერიასა და უნივერსიტეტს შორის

2018-08-10 20:20:34

რუსთავის მერიასა და „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ მოაწერეს. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მერის მოადგილეები და საკრებულოს წვერები დაესწრნენ. ხელშეკრულების მიზანს, ქვეყანაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართულებით, ერთობლივი საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისაკენ მიმართული ერთობლივი პროგრამების, პროექტების შემუშავება და განხორციელება, მათი შემდგომი ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტი, რუსთავის სასპორტო კლუბების, გაერთიანებების მწვრთნელთა, საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა და ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ხელს შეუწყობს მათთვის ლექცია-სემინარების, ტრეინინგებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებას, ერთობლივ პროექტებში მონაწილე სუბიექტების/სექციების მწვრთნელებს დაეხმარება საწვრთნელი პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეულ და დეტალურ შესწავლაში. „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ფიზიკური მდგომარეობის შესწავლას, კონტროლს და მათ შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს.
სასწავლო დაწესებულება მონიტორინგს გაუწევს ერთობლივი პროექტების მონაწილეთა ფსიქოლოგიურ მომზადებასა და სპორტული კვების პროცესის დაგეგმვას, უნივერსიტეტის ბაზებზე ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებისთვის, უზრუნველყოფს მის მართვაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებასაც.

თავის მხრივ, რუსთავის მერია, უზრუნველყოფს ერთობლივ პროგრამებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზაციულ ხელშეწყობას, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პრაქტიკული მეცადინეობების საკითხებს, შესაძლებლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის მიხედვით დასაქმებასა და რუსთავის სპორტულ კლუბებში სტაჟირებას, მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ სპორტულ-სამეცნიერო კვლევებში.

 

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს