მძღოლების ნაწილი "ინტერტრანსის" გადაწყვეტილებას აპროტესტებს (ვიდეო).

2017-01-27 17:29:41

კომპანია „ინტერტრანსმა“ თეთრი მიკროავტობუსების ყვითლებით ჩანაცვლება დაიწყო. ამ დროისთვის კომპანიის მოთხოვნით  ე.წ თოდრია-დიდუბის თეთრი მიკროავტობუსები არ მუშაობენ. მძღოლები დღეს დილიდან შეიკრიბნენ და აღნიშნულთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს „ინტერტრანსის“  ხელმძღვანელობასთან . კომპანიის დირექტორმა მათ საკითხის გარკვევა თავის კაბინეტში შესთავაზა, თუმცა მძღოლებმა შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარის, ლავრენტი ალანიას, ინფორმაციით, აღნიშნული მიკროავტობუსები გაჩერებულები არიან . როგორც მძღოლები აცხადებენ, მათ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებით უნდათ მუშაობა, რადგან ყვითელი მიკროავტობუსები ხშირ შემთხვევაში გაუმართავია და მათი პროფილაქტიკისთვის საჭირო ხარჯების გაწევა მძღოლებს ევალებათ.
კომპანია „ინტერ ტრანსში“ განმარტავენ, რომ წერილით გათვალისწინებულ ვადამდე თეთრი ტრანსპორტის ყვითელი მიკროავტობუსებით ჩანაცვლება უნდა მოხდეს, ამიტომ ჩანაცვლების პროცესი ახლა დაიწყო, რომლის მიზანიც მგზავრების უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებაა. 
ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის  ხელმძღავნელი მამუკა აბაშიძე კი ამბობს, რომ კომპანიას მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამდე თვითმმართველობისთვის განცხადებით უნდა მიემართა, თუმცა მათთან წერილი არ შესულა, შესაბამისად, საკრებულოში საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ. აღსანიშნავია, ისიც, რომ საკრებულოს დადგენილობით, კომპანიას  იმ მიკროავტობუსების ჩანაცვლება უნდა დაეწყო, რომლებიც  2002 წლმდეა გამოშვებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ყვითელი მიკროავტობუსებით ჩანაცვლების
შემდეგი ეტაპი მაღლივის მიმართულებით მოძრავ  №19 მიკროავტობუსებზე უახლოეს მომავალში დაიწყება.

შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულომ კომპანია „ინტერტრანსს“ ე.წ თეთრი მიკროავტობუსების ყვითლებით ჩანაცვლების პროცესის ვადები 2017 წლის 1 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა.