ირანში გოგონა ცეკვის გამო დააკავეს

2018-07-09 12:01:37

ირანში ახალგაზრდა გოგონა ცეკვის გამო დააკავეს. 19 წლის მაედეჰ ჰოჯაბრიმ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ირანულ და დასავლურ პოპ მუსიკაზე, ჰიჯაბის გარეშე ცეკვავს. მოგვიანებით, ირანულმა ტელევიზიამ გოგონას აღიარებითი ჩვენება გაავრცელა. ახალგაზრდა გოგონას დაკავებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდებმა მაედეჰ ჰოჯაბრის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში ცეკვის ვიდეოები თავადაც ატვირთეს ჰეშთეგით #dance_isn’t_a_crime (ცეკვა დანაშაული არ არის). ამასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა ირანელმა ბლოგერმაც. „მთავრობა 17-18 წლის გოგონებს აპატიმრებს ცეკვის და ბედნიერების გამო, მაშინ, როცა მოძალადეები დაუსჯელები არიან. ისინი, ალბათ, ახლა იცინიან. ეს დაუჯერებელია.“ - აცხადებს ჰოსეინ რონაგჰი.

ირანში ქალებს მამაკაცების თანდასწრებით ცეკვა ეკრძალებათ. გამონაკლისია შემთხვევა, როცა გოგონა უახლოესი ნათესავების და ოჯახის წევრების წრეში ცეკვავს.