დიაკვნის სახლიდან პოლიციამ მარიხუანა ამოიღო.

2017-01-19 15:16:03

ქუთაისში, დიაკვანი გიორგი ჯახუას სახლიდან პოლიციამ ორი ძირი მარიხუანა ამოიღო. გიორგი ჯახუა ორი წელია მძიმედ არის ავად და როგორც თვითონ ამბობს, მარიხუანას ტკივილგამაყუჩბლად იყენებდა. ამის შესახებ მან დღეს, 19 იანვარს პარტია “გირჩის” ოფისში ისაუბრა.

დიაკვანის განცხადებით, პოლიცია მის სახლში 18 იანვარს, 00:05 წუთზე მივიდა და სასამართლოს განჩინების გარეშე გაჩხრიკეს ბინა:

“ჩვენ პოლიციიდან ვართ, უნდა გაგჩხრიკოთო. ორდერი თუ გაქვთ თქო, ვკითხე. ორდერი არაფერში გვჭირდება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაა და სახლი უნდა გავჩხრიკოთო. დაახლოეიბთ, 7-8 ადამიანი შემოვიდა, სახლში ჩემს მოხუც დედას და მეუღლეს ეეძინათ. გააღვიძეს და დაიწყეს სახლის ჩხრეკა. ორი ძირი  კულტივირებული მცენარე მქონდა.”

გიორგი ჯახუა ამბობს, რომ მძიმე ავადმყოფია და მარიხუანას ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა:

“მე ავად ვარ და ორი წელია სახლში ვწევარ, C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და პანკრიატიტი მაქვს. თავის მკურნალობა რითაც შემეძლო და ჩემი ჯიბე რასაც წვდებოდა, ეს იყო კანაფი. ამას ორი წელიწადია ვხმარობ, ყველას უკვირს როგორ ვარ ცოცხალი ამდენი ხანი, თვითონ ექიმსაც. ტკივილების გასაყუჩებლად ვიყენებ. მე ახლაც დიაკვანი ვარ. ჩემთვის არავის აუკრძალია დიაკვნობა”.

როგორც ჯახუა აცხადებს, მარიხუანის აღმოჩენის შემდეგ პოლიცია მას დამცინავად ეპყრობოდა:

“დაიწყეს ქილიკით ლაპარაკი, გარდერობის ნივთების მორგება დაიწყეს, გამომძიებელმა შლაპა დაიხურა, “მევასებაო”. განყოფილებაში წაყვანამდე მცენარეებთან სურათების გადაღება დაიწყეს, მერე მეც დამიძახეს, ჩემთან მოდიო, ხელი გადამხვიეს კანაფის ფონზე და “სელფები” გადაიღეს,” – აღნიშნავს ჯახუა.

მისივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინაროებს. ამ მუხლის თანახმად,  ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამასთან, ჯახუას თქმით, პოლიციამ წაიღო დაშლილი ანტიკვარული იარაღი, რომლითაც მისი შვილები თამაშობდნენ.

“გირჩის” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, დიაკვანს იურიდიულ დახმარებას პარტია გაუწევს:

“ღამის პირველ საათზე, ყოველგვარი საბუთის გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა. კანაფი ექსპერტიზისთვის წაიღეს და დიაკვანი ელოდება როდის გამოიძახებენ პოლიციაში. ჩვენ გავუწევთ ადვოკატირებას და შესაბამის იურიდიულ ზომებს მივმართავთ“.

წყარო: netgazeti.ge