სახელმწიფო პროექტი

2018-06-23 15:23:39

მიწის უფასო რეგისტრაციის ვადა 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პარლამენტში ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება.

მიწის გამარტივებული რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო პროექტი, რომელიც საკუთრების უფლების უსასყიდლო რეგისტრაციას ითვალისწინებს, 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან შევიდა ძალაში, მისი მოქმედების ვადა კი 2018 წლის 1-ელ ივლისს იწურება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, დღეისთვის პროექტის ფარგლებში დარეგისტრირდა 488 517 მიწის ნაკვეთი, სხვადასხვა უწყებებში დოკუმენტების მოძიება მიმდინარეობს 60 617 მიწის ნაკვეთზე, 23 813 განცხადება კი მუნიციპალიტეტების მერიებთან არსებული საკუთრების აღიარების კომისიების წარმოებაშია.

 

საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს). აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების დადგენის პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტი.