მანგლისსა და წალკას ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური მოემსახურება.

2017-01-13 11:02:59

მანგლისისა და წალკის არსებული ძველი ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად დაიხურა, მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით მანგლისისა და წალკის მუნიციპალური ნაგავსაყრელები შესაბამისი სტანდარტებით დახურა და მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური. შესრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. მანგლისისა და წალკის არსებული ნაგავსაყრელების დახურვისა და მათთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში 427 933 ლარი შეადგინა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, ქვემო ქართლის რეგიონს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი მანქანები გადასცა. ნაგავმზიდი მანქანები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონს საერთო ჯამში 17 ნაგავმზიდი მანქანა გადაეცემა.