ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილება

2018-05-15 22:33:46

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განმარტებით, აღნიშნული წესი არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს მიღებული და მედიაში ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. აღნიშნული წესი ეს არის განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მიცვალებულის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში მოყვანა ვერ ხერხდება.

„გვქონდა ამის მაგალითები, როდესაც უპატრონო მიცვალებული გაიყინა და მისი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაკრძალვა სასაფლაოების ოპერატორმა ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, დადგინდა მიწაყრილის პარამეტრი. ჩვენ არ ვცვლით წესს და არც ვინმეს ვეუბნებით, რომ მიცვალებული დამჯდარი დაკრძალონ, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევები“, – აცხადებს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 4 მაისს მიღებული დადგენილების “მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის”, ერთ-ერთ პუნქტში “სასაფლაოების მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ” მითითებულია, რომ გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.