ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გთავაზობთ ინფორმაციას, რისი უფლება გაქვთ, ნარკოტესტირებაზე გადაყვანის შემთხვევაში.
კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პოლიციელი უფლებამოსილია საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად გადაიყვანოს პირი, თუ:
უშუალოდ შეესწრო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულებას;
არსებობს ოპერატიული ინფორმაცია ან 112-ში შესული შეტყობინება პირის მიერ ნივთიერების უკანონო მოხმარების შესახებ.
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანის შემთხვევაში კი მოქალაქეებს უფლება აქვთ:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის საფუძველზე უარი განაცხადოს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე და ექიმის მიერ კლინიკურ დათვალიერებაზე;
მოითხოვოს ადვოკატთან დაკავშირება, დაკავების ფაქტის და ადგილსამყოფელის შეტყობინება ახლობლისთვის, სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციისთვის (ტელეფონის ჩამორთმევის შემთხვევაში);
მოითხოვოს გათავისუფლება, თუკი არ არსებობს თქვენი ადმინისტრაციული დაკავების სხვა საფუძველი.
პოლიციელს/საექსპერტო დაწესებულების თანამშრომელს არ აქვს უფლება:
ბიოლოგიური მასალის მისაღებად განახორციელოს ზეწოლა;
შეზღუდოს საპირფარეშოთი სარგებლობა;
დააყოვნოს პირი საექსპერტო დაწესებულებაში, თუ უარს აცხადებს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე.
აღნიშნული რეკომენდაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციას ეყრდნობა.