წყლის ჭავლის მანქანები აქციაზე [PHOTO]

2018-05-13 21:53:22

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქციები მიმიდნარეობს, სპეც.ტექნიკა გამოჩნდა. ადგილზე დაახლოებით 4 წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. სავარაუდოდ, ტექნიკას აქციის დასაშლელად გამოიყენებენ.

"თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად ულტრანაციონალისტური ჯგუფების კონტრაქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

კონტრაქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეჭრა. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი მთლიანად ბლოკირებულია. "ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, დაკავებულია კონტრაქციის ორი მონაწილე.

თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის სახელწოდებით "ჩვენი თავისუფლების" წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში პრემიერმინისტრისგან განცხადების გაკეთებას მოითხოვდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები იყო: პრემიერმინისტრის გადადგომა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარება.

რამდენიმე წუთის წინ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრემიერმა კვირიკაშვილმა. ის საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას დაჰპირდა და არსებული დაპირისპირება დაგმო. დამატებით კითხვებს პრემიერმინისტრმა არ უპასუხა.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქცია თბილისში 12 მაისის ღამეს კლუბ "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციებს მოჰყვა. შსს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ნარკორელიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს.

ავტორი: ირმა კურტანიძე