რუსთავში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [PHOTO]

2018-05-09 12:05:56

რუსთავში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა დიდების ხეივანში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან გამართულ ღონისძიებას, რომელსაც ანსამბლი "მე რუსთველი" აფორმებდა,  ტრადიციულად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და 1926 წელს დაბადებული რუსთაველები დაესწრნენ.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ორ ვეტერანს,მარგალიტა წერეთერლსა და ბონდო მანჯგალაძესაც ესტუმრა და  ფაშიზმზე გამარჯვების დღეს პირადად  მიულოცა.

"ჩვენ დილიდან ვეტერანებს, რომლებმაც ვერ შეძლეს მოსვლა ასაკიდან გამომდინარე, ოჯახებში ვეწვიეთ და გამოვხატეთ პატივისცემა მათ მიმართ. მე ვფიქრობ, ეს იყო ბრძოლა სიკეთეს და ბოროტებას შორის და დამარცხდა ბოროტება, როელიც იწოდებოდა იმ დროს ფაშიზმად და ამ ბრძოლაში გაერთიანდა მსოფლიოს უდიდესი ნაწილი და შეძლეს გამარჯვების მოპოვება. კარგია, რომ ეს მიმართულება და ეს ხედვა დღესაც გააჩნია მსოფლიოს." - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

მოგვიანებით ქალაქის მერი ვეტერანებს სპეციალურად მათთვის გათვალისწინებულ სადღესასწაულო სადილზე მიიწვევს.

შეგახსენებთ, რუსთავში დღესდღეობით მეორე მსოფლიო ომის 13 ვეტერანი და 47 ოცდაექვსიანელი ცხოვრობს. რუსთავის მერიისგან სადღესასწაულო  ფულადი ჯილდო, ომის მონაწილეებს -150 ლარის, მათთან გათანაბრებულ პირებს კი 80 ლარის ოდენობით პირად ანგარიშზე უკვე ჩაერიცხათ.