"პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელს თავის ქვეყანაში ციხით ემუქრებიან!"

2018-05-05 17:38:10

ქართველებისთვის საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის საფუძვლები შესაძლოა გაფართოვდეს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან/და მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელისშეწყობა) გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელისშეწყობა) კი გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

ახალ კანონპროექტს სოციალურ ქსელში  გამოხმაურება მოჰყვა ემიგრანტების მხრიდან.
"ეს კანონპროექტი არის ან ძალიან დიდი უცოდინრობის შედეგი ან კიდევ ძალიან დიდი მავნებლობის ჩადენის წინაპირობა. კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელს თავის ქვეყანაში ციხით ემუქრებიან! ერთი რამე გავიწყდებათ, ძვირფასო მეგობრებო, თქვენგან დევნილი ადამიანებს თუ უცხო სახელმწიფო იფარებს მათ საქმეებს თქვენთან ერთად არ განიხილავენ და მასთან დაშვება არასოდეს არ გექნებათ, ტყუილად ნუ აშინებთ ამ ხალხს და იმაზე იფიქრეთ რატომ გარბიან ადამიანები თქვენს მიერ "აშენებული "სიცოცხლით სავსე ქვეყნიდან?!" - წერს გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე, ინიციატივის თანახმად, თუ საქართველოს მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში გასამგზავრებლად სასაზღვრო პუნქტზე თან არ ექნება ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი, სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაშინ შესაძლოა მას უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე.

კანონპროექტის მიღების მიზანია, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეთა უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას, ასევე, მათთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნას. მისი ინიციატორები კი  საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე არიან.