კაცმა მოსამართლეს ციხეში დატოვება სთხოვა

2018-05-02 12:07:22

58 წლის მამაკაცმა, რომელსაც ბრალი ელექტროსადენების ქურდობაში ედება, მოსამართლეს  წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების ნაცვლად ციხეში დატოვება სთხოვა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცი დანაშაულს აღიარებს. მოსამართლის კითხვაზე, თუ რატომ უნდა კაცს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩენა, ბრალდებულმა უპასუხა:
 „იქ რომ შემიყვანეს, ადამიანს არ ვგავდი… ერთი თვე ქუჩაში ვცხოვრობდი. მათხოვრობა ვერ შევძელი... შუახევში დავიბადე, მაგრამ რამდენი წელია იქ არ ვყოფილვარ, ვის ვემახსოვრები იქ...ბოლო წლები საპატიმროში ვიყავი. ერთი თვის გამოსული ვიყავი და ქუჩაში ვცხოვრობდი, სამუშაოს ვეძებდი… რამდენჯერ მივედი სამშენებლოებთან და ვუთხარი, რამეზე მაინც მამუშავეთ-მეთქი, არ ქნეს. მე არ მინდა, რომ ჩემს საქმეზე დაიკითხოს ვინმე, მე არ ვდავობ რამეზე, არაფერს ვასაჩივრებ. თანახმა ვარ, პატიმრობა გაგრძელდეს...“ – განაცხადა ბრალდებულმა.

გამოძიების ინფორმაციით, ბადრი ქ.-მ  მშენებარე კომერციული ფართობიდან და საცხოვრებელი ბინიდან დაახლოებით 350 ლარის ოდენობის ელექტროსადენები მოიპარა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კი ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და ქუჩაში გადამალული ელექტროსადენებიც თვითონ გვაჩვენა,“ – აცხადებს პროკურორი ზურაბ კონცელიძე.

ბადრი ქ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ის ქურდობისთვის ერთხელ უკვე გაასამართლეს. მოსამართლემ მას უთხრა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავს. წინასასამართლო ეტაპზე სავალდებულო დაცვა ბრალდებულს არ სჭირდება, თუმცა მას უფლება აქვს, ადვოკატის უფასო მომსახურებით ისარგებლოს, რაზეც ის უარს აცხადებს.