ახალი ცენტრი გიორგი გახარიამ გახსნა

2018-05-01 14:23:51

თბილისში ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

ახალმა ცენტრმა საპატრულო პოლიციის ე.წ. "მე-12 ოთახი" ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე, ერთიანი მომსახურების ცენტრი, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს.

საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი რეგიონში ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრია, სადაც "ერთი სარკმლის" პრინციპით მოხდება: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება, ჯამში, 50-მდე საპოლიციო სერვისი. ცენტრში, ასევე, იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთხე, რომელიც მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს გარკვეულ სერვისებს შესთავაზებს.

ახალი ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით. ცენტრში, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას.

ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

ახალი ცენტრი პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსენეს, რომელიც ნოე რამიშვილის N38-ში მდებარეობს

ცენტრის გახსნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი საპატრულო პოლიციის ახალ ტექნიკურ აღჭურვილობას და სამხრე კამერების მკვეთრად გაუმჯობესებულ პარამეტრებს გაეცნენ.

საპატრულო პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით მიმდინარეობს პატრულ-ინსპექტორების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ახალი კამერები არსებულთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით ხასიათდება, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე, ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობებს.

პირველ ეტაპზე, ახალი სამხრე კამერები თბილისის პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ (შემდგომ ეტაპზე კი უკვე რეგიონების ეკიპაჟებსაც დაურიგდებათ, საერთო ჯამში, 2280 კამერა).