როგორ მოქმედებს დამარცხება ბავშვის ფსიქიკაზე

2018-04-29 17:54:44

სკოლაში სწავლის პერიოდში სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადასა თუ კონკურსში მონაწილეობა ერთერთი აქტუალური საკითხია. კონკურსებში მონაწილეობამ დაწყებითი კლასის მოსწავლეებზე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს. როგორ უნდა უპასუხოს კონკურსებში მოსწავლის დამარცხებას მშობელმა და რა ასაკიდანაა რეკომენდებული სასკოლო ოლიმპიადებში ჩართვა - თემაზე ფსიქოლოგი ქეთი ჭყოიძე გვესაუბრა.

"შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში უფრო მეტად დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ, ეს შეიძლება სახიფათო იყოს და ამიტომ არ არის სასურველი, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეები ასეთ კონკურსებში მონაწილეობდნენ, რადგან ხშირ შემთხვევაში ბავშვის სურვილი არ არის გავიდეს კონკურსზე, რომლის ზოგჯერ მნიშვნელობაც არ იცის მან.

თუ ერთი მხრივ ეს კონკურსები არის მამოტივირებელი, რომ ბავშვი შემდგომში უფრო მეტად იყოს ორიენტირებული მიღწევებზე, მეორე მხრივ შესაძლებელია რომ მოსწავლე დემოტივირდეს კიდეც, თუ იქ რაღაც ვერ გადალახა ან ქულა ვერ დააგროვა და გარკვეული წარუმატებლობა ჰპოვა. შესაძლოა დემოტივაცია გაუჩნდეს მას და საერთოდ კონკურსებზე უარი თქვას ან ამან შესაძლოა ბავშვში ისეთი იმედგაცრუება გამოიწვიოს, რომ ამას მოჰყვეს შფოთი, ჩათვალოს, რომ არაფერი არ იცის ანუ მის თვითშეფასებაზე ცუდად აისახოს, ამიტომ სასურველია მოვერიდოთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების კონკურსებში მონაწილეობას.

აქ სამი ფაქტორია ჩართული: მშობელი, მოსწავლე და მასწავლებელი. მაგალითად, მასწავლებლის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, თუ მისი მოსწავლე უფრო მეტ ოლიმპიადაზე  და კონკურსზე გავა, თვლიან რომ ეს მასწავლებლის სახეა (იმიჯი). მშობლის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, თუ ბავშვმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია, დიპლომი აიღო, თუნდაც გავიდა ამ შეჯიბრებაში, მშობელი ამაყობს ამით და უხარია, რომ მისი შვილი ბევრ კონკურსზე გადის, მაგრამ ზოგჯერ მშობელი ცდება იმაში, რომ მისთვის მნიშვნელოვანია კონკურსზე გავიდეს ბავშვი და არ აქვს მნიშვნელობა რა შინაარსს და ემოციას ატარებს ეს კონკურსი მისთვის.

ასევე სახიფათოა და რისკის შემცველია დაწყებით კლასის მოსწავლისთვის, როცა კონკურსის შედეგებს გასაჯაროვებულად აცხადებენ ხოლმე, არის საჯარო განხილვები ვინ გადავიდა ვინ ვერ გადავიდა, ეს მეორე კლასელისთვის შესაძლოა მატრამვირებელი იყოს, რადგან ბავშვმა ჩათვალოს, რომ მან ვერ დააგროვა საკმარისი შედეგი და არ არის სასურველი" - განაცხადა ქეთი ჭყოიძემ.

ფსიქოლოგის თქმით, კონკურსებში მოანწილეობა რეკომენდებული უფრო მეტად 12-13 წლის ასაკიდანაა, როდესაც მოზარდს შეუძლია მოგებისა და წაგების გამიჯვნა, გაანალიზება და საკუთარ თავზე მუშაობა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოზარდი კონკურსში წარმატებას ვერ მიაღწევს, სასურველია მან პედაგოგისა და მშობლისგან ემპათია და მხარდაჭერა იგრძნოს.

"ძალიან მნიშველოვანია მშობელი და მასწავლებელი რას ეტყვის ბავშვს, რომელიც დამარცხდა კონკურსში. აუცილებელია ბავშვამდე მივიტანოთ ის აზრი, რომ მე შენ რა ნიშანიც არ უნდა მიიღო მაინც მიყვარხარ, შენ ჩემთვის მაინც სასურველი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა რას მიიღებ, ჩვენ შევძლებთ, დავჯდებით ვიმეცადინებთ, შემდეგში შესაძლებელია სხვა ქულა მიიღო." - აღნიშნა ფსიქოლოგმა ქეთი ჭყოიძემ.