რას ნიშნავს რეალურად 0%-იანი განვადება

2018-04-28 12:10:00

საქართველოში სხვადასხვა პროდუქციის განვადებით შეძენა ერთერთ აქტუალურ გზას წარმოადგენს. ხშირად მომხმარებლების ყურადღებას 0%-იანი განვადება იპყრობს, თუმცა აღნიშნული ტიპის განვადება, შეძენილი პროდუქციიის მხოლოდ საწყისი ფასის გადახდას არ გულისხმობს.

ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, უპროცენტო განვადებისას მართალია საპროცენტო განაკვეთი ნულია, თუმცა პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს გაცემის/დამტკიცების საკომისიოს და ასევე ფასნამატის გადახდა უწევს, რაც პროდუქციის საწყის სავაჭრო ფასს გარკვეული ოდენობით აძვირებს. მეტი თვალსაჩინოებისთვს გთავაზობთ მაგალითს.

საპროცენტო განაკვეთი - 0%
სესხის მოცულობა - 1000 ლარი
სესხის ვადა - 24 თვე
თანამონაწილეობა - 0%
გაცემის/დამტკიცების საკომისიო - 3%
წლიური ეფექტური საპრონცეტო განაკვეთი - 10%

ვთქვათ საოჯახო ტექნიკის - გაზქურის შეძენა გვსურს. მივმართეთ სავაჭრო ქსელს, სადაც ტექნიკის შეძენას უპროცენტო განვადებით გვთავაზობენ. საპროცენტო განაკვეთი - 0%-ია, რადგან განვადება უპროცენტოა. გაზქურის საწყისი სავაჭრო ფასი ვთქვათ 950 ლარია, მაგრამ ვინაიდან ჩვენ მისი შეძენა 0%-იანი განვადებით გვსურს, ამიტომ სავაჭრო ქსელი ფასს გვიმატებს და გაზქურას 1000 ლარზე ნაკლებად ვეღარ ვიძენთ. ჩვენ ვირჩევთ სესხის პერიოდს 24 თვეს თანამონაწილეობა (წინასწარ, ყოველგვარი განვადების გარეშე თუ რა ოდენობის თანხა შეგვიძლია გადავიხადოთ) ამ შემთხვევაში 0%-ია, გაცემის საკომისიო - 3% და შესაბამისად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 10%.

ამ პირობებში ჩვენ გაზქურაში ერთჯერადად  1000 ლარის 3%-ს ანუ 30 ლარს გადავიხდით, ხოლო ნივთის ღირებულება 1000 ლარი კი 24 თვეზე თანაბრად გადანაწილდება და ყოველთვიურად  41.6 ლარი გვექნება გადასახდელი. შესაბამისად, გაზქურაში მთლიანად 1030 ლარის გადახდა მოგვიწევს. თუ ჩვენ გაზქურას განვადების გარეშე შევისყიდით, მაშინ ერთჯერადად სულ 950 ლარის გადახდა მოგვიწევს, ხოლო უპროცენტო განვადების შემთხვევაში კი 80 ლარით მეტის, ანუ 1030 ლარის (50 ლარი ფასნამატი და 30 ლარი გაცემის საკომისიო).

"საზოგადოება და ბანკების" მოკვლევის შედეგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ 0%-იანი განვადებისას მომხმარებელი შეძენილი პროდუქტის ღირებულებაზე მეტს იხდის. უპროცენტო განვადებისას მომხმარებელი პროდუქციაში გაცემის/დამტკიცების საკომისიოს და ფასნამატს იხდის. თუ საკომისიო არის 0%, მაშინ ფასნამატი შედარებით მაღალია და პირიქით; თუ ფასნამატია დაბალი, მაშინ გაცემის/დამტკიცების საკომისიოა შედარებით მაღალი.