ქართველ ცოლ-ქმარს გერმანია დაატოვებინეს

2018-04-27 21:26:34

გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

დეპორტირებულებს შორის არიან ისეთი მოქალაქეებიც, რომლებიც გერმანიაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამკურნალოდ იყვნენ წასულები.

"ინფო რუსთავს" სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ასეთი დეპორტირებული ქართველი დაუკავშირდა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა როგორ მოხდა მისი და მისი ავადმყოფი მეუღლის ქვეყნიდან გამოძევება.

„მე და ჩემი  მეუღლე (დიალეზის პაციენტი) მკურნალობის მიზნით წავედით გერმანიაში, ქართველი ექიმების რჩევით და 3 წელი ვცხოვრობდით ქალაქ BRETTEN -ში. 3 დღის წინ, 2 საათზე კარებზე კაკუნი იყო და დაიძახეს თან სანამ კარს გავაღებდით პოლიცია ვართ და კარები გააღეთო. გავაღე და 6 პოლიციის თანამშრომელი შემოვიდა კბილაბამდე შეიარაღებული და მითხრეს რომ უნდა წავსულიყავით საქართველოში. დეპორტიაო მოაყოლეს. მე ვუთხარი რომ დილის 7 სათზე მეუღლე დიალეზზე უნდა წასულიყო და თუ არ მივიდოდა სავალალო სიტუაცია შეიქმნებოდა. ამ დროს ტელეფონები ჩამოგვართვეს. მე ვთხოვდი ექიმთან ან ადვოკატთან დამერეკა და მეკითხა შეიძლებოდა თუ არა ფრენა, მაგრამ უარი მივიღეთ. თქვენი ექიმი და ადვოკატი საქმის კურსშია და იციან თქვენი დეპორტის შესახებო. 1 საათი მოგვცეს საჭირო ბარგის ასაღებად. ჩემს მეუღლეს რომელსაც გერმანიაში შულტირება გაუკეთდა, ვატყობდი რომ ნერვიულობდა და ვშიშობდი ცუდად არ გამხდარიყო. სანამ პოლიციის მანქანაში ჩაგვსვამდნენ გაგვჩხრიკეს და გვითხრეს რომ ეს იყო საჭირო რომ დანა ან რაიმე ცივი იარაღი არ გვქონოდა. 1 საათი გვალოდინეს ბრეტენის პოლიციაში. შემდეგ ისევ 2-2 პოლიციის თანხლებით წაგვიყვანეს ცალცალკე მანქანებით და მიუნხენის პოლიციას გადაგვცეს. ჩემს მეუღლეს უთხრეს ხომ არ გაიქცევით ბორკილებს დაგადებთო. ასე აღმოვჩნდით გერმანიიდან დეპორტირებულები საქართველოში. ჩემი მეუღლე დიალეზსს იკეთებს და აქ ადგილები არაა, შესაბამისად ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მხოლოდ 2 დღეში 10 კილოგრამი მოიმატა. ჯერ კიდევ გერმანიაში რამდენჯერმე ვიკითხე მიზეზი რატომ გვატოვებინებენ ქვეყანას და გვითხრეს რომ ეს საქართველოს მთავრობის მოთხოვნააო. ბევრს ატოვებინებენ ქვეყანას, დახმარებისთვის ვის უნდა მივმართო არ ვიცი, ვის ანაღვლებს ჩვენი ბედი" - განაცხადა ინფო რუსთავთან ირმა ჯობავამ. დეპორტირებულები, ირმა ჯობავა 40 წლის არის ხოლო მისი მეუღლე 46 წლის.

შეგახსენებთ, რომ გერმანიიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია ჯერ კიდევ მარტის თვეში მოხდა. გარცელებული ინფორმაციით, ქვეყანა საქართველოს 70 მდე მოქალაქეს დაატოვებინეს.