"ვიცი ლანძღვა-გინების ნიაღვარიც არ ამცდება"

2018-04-25 23:54:12

იაშვილის კლინიკის ბავშვთა ქირურგი ლევან ფერაძე, მედიაში გავრცლებულ ფაქტს ეხმურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს - "რამდენიმე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო "იაშვილის კლინიკის სკანდალს". დღეს ძალიან ადვილია წამოიწყო ჯვაროსნული ომი კლინიკისა და ექიმების წინააღმდეგ. დღეს ყველა სააგენტოს მთავარ ნიუსად ჰქონდა გამოტანილი ისტორია, რომელიც ჯერ არავის შეუსწავლია, არ დადებულა კომპეტენტური დასკვნა. ვიცი მძიმე ტვირთს ვიღებ ჩემს თავზე, ვიცი ლანძღვა - გინების ნიაღვარიც არ ამცდება, მაგრამ საქმე ეხება ჩემს კოლეგას, რომელსაც ათასობით უიმედო ბავშვი ჰყავს გადარჩენილი და არა ერთი ოპერაცია აქვს საქართველოში პირველად ჩატარებული. გაგიკვირდებათ და თავად ამ ბავშვის სიცოცხლეც სწორედ მისი დამსახურებაა.

დავიწყოთ თავიდან: ბავშვი დაიბადა 6 თვიანი, წონით 1300. ახალშობილთა რეანიმაციის ექიმებისა და ექთნების თავდადებული შრომის შედეგად მოხერხდა სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება და მისი გამოზრდა კუვეზში. სამწუხაროდ პატარას აღმოაჩნდა უმძიმესი, თანდაყოლილი პათოლოგია - სანაღვლე გზების ატრეზია. ეს გახლავთ პათოლოგია, რომლის დროსაც ღვიძლი გამოიმუშვებს ნაღველს, მაგრამ არ გააჩნიაარც სადინრები და არც ნაღვლის ბუშტი რათა მოხდეს ნაწლავში მისი ჩადინება. შესაბამისად ვითარდება ე.წ. ბილიარული ცეროზი და თუ არ მოხდა ღვიძლის გადანერგვა, პაციენტი 5-8 თვეში აუცილებლად იღუპება. ეს დიაგნოზი, სულ რაღაც 5-6 წლის წინ. განაჩენი იყო და ყველა განიხილავდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელ პათოლოგიას. სწორედ ჩემმა კოლეგა ქირურგმა, საკუთარი რეპუტაციის რისკისა და ნერვების ფასად დაიწყო ე.წ. კასაის ოპერაციის კეთება, რომელიც გულისხმობს პაციენტის წვრილი ნაწლავით, ნაღვლის ხელოვნური სადინარის შექმნას. ეს გახლავთ ბავშვთა ქირურგიაში, ერთ-ერთ ურთულესი ოპერაცია და ქირურგისგან ითხოვს უმაღლეს პილოტაჟს. ოპერაცია პაციენტებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს 2-3 წლით, საშუალებას აძლევს მიაღწიოს ღვიძლის გადანერგვამდე. რომ არა ქირურგის ჟინი და თავდადება, ახლის კეთების დაუძლეველი სურვილი და მაღალი პროფესიონალიზმი, ეს და მისი მსგავი ათამდე პაციენტი, დღეს დიდი ხნის დაღუპულები იქნებოდნენ.

რაც შეეხება "ჩარჩენილ ტამპონს", ალბათ ყველა ქირურგი დამეთანხმება, რომ ამისგან არავინ ვართ დაზღვეული. ოპერაცია უმძიმესი სტრესია, მითუმეტეს ახალშობილზე და თან უმაღლესი სირთულის, სანამ არსებობს "ადამიანური ფაქტორი" ასეთი რამ ხდებოდა და კიდევ მოხდება, ჩვენთანაც, ევროპაში და ამერიკაშიც. მე თავად ვარ დასწრებული ოპერაციას, როდესაც ქართული ქირურგიის კორიფედ წოდებულ პროფესორის ნაოპერაციევ პაციენტს 3 თვის შემდეგ, 20 სანტიმეტრიანი ლითონის ინსტრუმენტი ამოუღეს მუცლის ღრუდან..

დღეს ჩემი კოლეგა გამარჯვებულია, რადგან მისმა გაკეთებულმა ოპერაციამ საშუალება მისცა პატარა პაციენტს ღვიძლის გადანერგვამდე მიეღწია.
უმადურობა მომაკვდინებელი ცოდვაა. ნუ დასჯით გამარჯვებულებს, შეარჩინეთ მარჯვენა ოსტატებს..."