პრობლემები შრომის ბაზარზე

2018-04-25 16:20:21

საქართველოში არსებულ ორგანიზაციებში კადრების მიღებასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემა აპლიკანტების არაკვალიფიციურობა და გამოცდილების არქონაა - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის  ანგარიშშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, ვაკანსიის შევსებისას ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებად დასახელდა: აპლიკანტების არაკვალიფიციურობა (36.5%), გამოცდილების ნაკლებობა (22.1%) და არასაკმარისი ანაზღაურება (23.6%). ამასთან, ძირითადი პრობლემა, რომელიც კომპანიებს ახალი კადრის აყვანისას ექმნებათ ტექნიკური უნარ-ჩვევების არცოდნა (30,5%), ჯგუფური მუშაობის უნარების ნაკლებობა (16%), ახალი ინფორმაციებისა და უნარების შეძენის ნიჭი (13.2%) და გამოთვლის, წაკითხვის, მონაცემებისა და ცხრილების გამოყენების უნარების (9.6%) ნაკლებობაა.

ანგარიშის მიხედვით, სათანადო კადრის შერჩევა ყველაზე პრობლემური საბითუმო და საცალო ვაჭრობაში (გამოკითხულთა 30%), ტურიზმის (11.3%), დამამუშავებელი მრეწველობის (11%), მშენებლობისა (9.6%) და ტრანსპორტის (8.8%) სექტორებშია.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა 56%-ს (442,203 ადამიანი) აქვს უმაღლესი განათლება, 31%-ს (247,616 ადამიანი) საშუალო განათლება და მხოლოდ 13%-ია (100,665 ადამიანი) პროფესიული განათლებით.

გარდა ამისა, არც ისე ბევრი ორგანიზაცია ასაქმებს პირველი სამუშაოს მაძიებელს, გამოკითხული საწარმოების მხოლოდ 3%-მა დაიქირავა პირველი სამუშაოს მაძიებელი. პირველი სამუშაოს მაძიებლების დასაქმებით გამოირჩევა ტურიზმისა (18%) და ვაჭრობის (18%) სფერო, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა (10%) და დამამუშავებელი მრეწველობის (9%) დარგები;

რაც შეეხება უცხოელთა დასაქმებას,  2017 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებულთა რაოდენობამ  17330 კაცი შეადგინა (მთლიანი დასაქმების 2.2%); უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების ძირითად მიზეზად დასახელდა საწარმოს უცხოელი დამფუძნებელი/მენეჯმენტი (65,8%) და ის, რომ საწარმო წარმოადგენს უცხო ქვეყნის ფილიალს (17,3%);

კვლევა 2017 წელს, შემთხვევითი სტრატიფიცირებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით 6000 სხვადასხვა ტიპის კომპანიაში ჩატარდა.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე