განაცხადების მიღება 25 აპრილს დაიწყება

2018-04-25 11:06:41

განათლების საერთაშორისო ცენტრში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა.

კონკურსი გამოცხადდა შემდეგ პროგრამებზე: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა; საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა - გულისხმობს შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას; საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა - სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე; საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები - გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტულად გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას კონკურსის წესით.

სახელოვნებო პროგრამას განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

ოთხივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.

ელ. განაცხადების მიღება 25 აპრილს დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით.

კონკურსში მონაწილეობის პროცედურა - ცენტრის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტები ავსებენ ელექტრონულ აპლიკაციას. კონკურსანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრის საერთაშორისო კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ. კომისიის წევრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები პროგრამის შესახებ, შეხვედრებს გამართავენ რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან.

ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში ბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით.