წვრილმანი დანაშაულის ფაქტები

2018-04-19 14:47:17

ბოლო პერიოდში რუსთავში გაფენილი სარეცხის მოპარვის შემთხვევები გახშირდა. თბილისის, ცურტაველისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მცხოვრებლები აივნებზე ღამით სარეცხის დატოვებას ერიდებიან.

რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩის 4 ნომერში დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ოჯახს აივანზე გასაშრობად დატოვებული თეთრეული სარეცხის თოკზე აღარ დახვდა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც სარეცხის გარდა აივანზე დატოვებული საყოფაცხოვრებო ნივთებიც მოიპარეს.

"პირველ სართულზე ვცხოვრობ, პატარა აივანი გვაქვს, რომელსაც ადრე არც კი ვკეტავდით, რადგან არანაირი შიში არ გვქონდა იმის, რომ ვინმე რაიმეს მოპარვას ეცდებოდა. თუმცა, ბოლო თვეებია გაოცებულები ვართ. ღამით სარეცხის თოკზე ტანსაცმელი დავტოვე და დილით აღარ დამხვდა, ამის შემდგომ იყო შემთხვევა როცა აივანზე დატოვებული ღვინით სავსე ხუთ ლიტრიანი ბოთლები მოიპარეს, ბოლოს კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დაკეტილ აივანში გადმოძვრნენ და ჩემი მეუღლის საკმაოდ მძიმე სამშენებლო ხელსაწყოები წაიღეს"- განაცხადა თბილისის ქუჩის #22 ბინის ერთ-ერთმა მცხოვრებმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას