15 აპრილი - სიყვარულის დღის ისტორია

2018-04-01 17:42:42

24-ე წელია საქართველოში 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. სიყვარულის დღის აღნიშვნის იდეა ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძეს ეკუთვნის.

საქართველოში სიყვარულის დღის დაარსების ისტორიის შესახებ "ინფო რუსთავს" ბესო ჩუბინიძე თავად ესაუბრა.

"ეს იყო 1993 წელს დაბადებული იდეა, რომელიც პირადად ჩემგან მოდის და იყო ერთი ჩვეულებრივი 17 წლის ყმაწვილის საჩუქარი. მაშინ  ჩემი შეყვარებულისთვის და დღეს უკვე მეუღლის სტატუსის მქონე ადამიანისთვის. ეს დღესასწაული ამ ადამიანს ეძღვნება.  ერთერთი ჩვეულებრივი მორიგი სტანდარტული შეყვარებულების ჩხუბის დროს დავემუქრე, რომ ისეთ რამეს გავაკეთებდი და ვაჩუქებდი რომელზეც ყოველთვის მთელი საქართველო ილაპარაკებდა და ეს აღმოჩნდა ეს დღე.

რაც შეეხება თარიღს და რიცხვთა კომბინაციას - 15 აპრილს, ეს იდეა  გამოვაცხადე დამოუკიდებელი საქართველოს პირველ დამოუკიდებელ ახალგაზრდულ გაზეთ "კოქტეილში" 1993 წელს და შევთავაზე  ხალხს აერჩიათ თარიღი. დღესაც  შენახული მაქვს აბსოლუტურად ყველა წერილი, რომელიც მაშინ შემოდიოდა ჩვენს მისამართზე, მაშინ მე რუსთავში ვცხოვრობდი, მოდიოდა უამრავი წერილი, ძირითადად იყო გაზაფხულის თარიღები გასაგები მიზეზების გამო იმიტომ, რომ სიყვარული საქართველოში ასოცირდება გაზაფხულთან. ამ თარიღებს შორის ძალიან ბევრი იყო 15 აპრილი და ერთი ასეთი გასაგები მიზეზის ავტორი იყო ძალიან  ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მაშინდელი პირველი არხის ჟურნალისტი გიგა მახვილაძე, რომელსაც ისევე, როგორც სხვა უამრავ ადამიანს 15 აპრილი ეწერა და განმარტება ჰქონდა ასეთი - “გაზაფხულის შუა თვის შუა რიცხი”.

მე საკრალურ დამთხვევას ვეძახი ხოლმე და ნაკლებად მაინტერესებს ვის სჯერა და ვის არა, იმიტომ რომ  ჩემი დაბადების დღე აღმოჩნდა ეს 15 აპრილი და  შესაბამისად ძალიან ლამაზი დამთხვევა გამოვიდა და მე, როგორც ნახევრად ფიზიკოსმა, კარგი ახსნა მოვუძებნე ამ ყველაფერს, ცენტრირების კანონი არსებობს , ის რაც ცენტრულია ყოველთვის ძლიერი და მყარია. შევარჩიეთ გიგა მახვილაძის შემოთავაზებული თარიღი და ძალიან სასაცილოდ მოხდა ეს  ყველაფერი, როცა რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში, რედაქციაში ვისხედით კომიტეტი და ამ თარიღებს განვიხილავდით, ამ ადამიანს ჰკითხეს, თქვენ თუ იცით იმ ბიჭის შესახებ, რომელსაც ეს იდეა აქვს, მან, რა თქმა უნდა, არ იცოდა ამ ბიჭის შესახებ, თუმცა მე იქ ვიჯექი. მერე უთხრეს, რომ ეს იდეა ვინც წამოაყენა 15 აპრილს არის დაბადებული და პირველად ვნახე მაშინ გიგა მახვილაძე. შემდეგ ამ იდეას განვითარება მივეცი, ჩავატარეთ მასობრივი რეფერენდუმი, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში ოფიციალური ხელმოწერები შევაგროვეთ, რომელიც ახლა ჩემს არქივში ინახება.

სიყვარულის დღის დაფუძნების პირველი დღე იყო რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში 1994 წელს 15 აპრილს.  ღონისძიებას  საქართველოს მაშინდელი მთავრობა ესწრებოდა.  ჩვენ გვაქვს 1994 წლის 8 აპრილით დათარიღებული საქართველოს პარლამენტის კულტურის კომისიის წერილი, რომელმაც ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. მაშინ კომისიის თავმჯდომარე ელდარ შენგელაია იყო. ამ პერიოდიდან მოვდივართ და მოვდივართ, ბევრი ბრძოლის და ასე ვთქვათ, ომის შემდეგ მოვედით დღემდე, როცა  24-ედ აღვნიშნავთ უკვე დღესასწაულს და ძალიან მიხარია, რომ ქართველები, სადაც არ უნდა იყვნენ მსოფლიოს რომელ წერტილშიც, ამ ლამაზ დღეს აღნიშნავენ. "

ბესო ჩუბინიძის თქმით, დროთა განმავლობაში სიყვარულის დღის მიმართ საზოგადოების განწყობა უფრო და უფრო დადებითად იცვლება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თარიღის მიმართ აგრესიას გამოხატავენ.

თარიღთან დაკავშირებით, ჩემდა სასიამოვნოდ, საზოგადოების განწყობა დადებითისკენ იცვლება. ფეისბუქზე განიხილავენ ხოლმე, რომ ზვიად გამსახურდიას მიერ მოგონილი დღესასწაულია, გუშინ მაგალითად წავიკითხე, რომ ეს არის საქართველოს პირველი ეროვნული მთავრობის პირველი ეროვნული იდეა გამეღიმა და მერე ავუხსენი ეს ყველაფრი და მივწერე. თუ კიდევ შემორჩა რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელშიც აგრესიას იწვევს 15 აპრილი - სიყვარულის დღე, ეს არის მხოლოდ ჩემს პიროვნებასთან დაკავშირებული."