რა ღირს მიწის ნაკვეთი რუსთავში

2018-03-22 20:04:11

ქალაქში უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა მიწის ნაკვეთებზეა. როგორც ინფო რუსთავს უძრავი ქონების სააგენტოებში განუცხადეს, მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა ყოველთვის იყო, მაგრამ გასული წლის განმავლობაში კერძო სახლების მშენებლობისკენ ინტერესი მნიშვნელოვნადაა გაიზრდილი. ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელი მანანა ლომიძე აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსთავში ბევრი კერძო სახლი აშენდა. მშნებელობები წელსაც აქტიურად მიმდინარეობს და შესაბამისად, მოთხოვნა მიწის ნაკვეთებზეც ყოველდღიურად იზრდება. მანანა ლომიძის განცხადებით,მიწის ნაკვეთების ფასს პირველ რიგში ადგილმდებარეობა განსაზღვრავს, მნიშვნელოვანია რამდენად პრესტიჟულია ადგილი და ასევე მნიშვნელოვანია რამდენად ახლოსაა ცენტრალურ გზასთან.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთის ფასს რუსთავის მასშტაბით - როგორც რუსთავის უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, ყველაზე დაბალი ფასი რუსთავის გარეუბნებშია სადაც მიწის ნაკვეთის ღირებულება  1 კვადრატულ მეტრზე 50-60 დოლარის ექვივალენტი ლარის ფარგლებში მერყეობს.  სხვა უბნებში კი ღირებულება შედარებით მაღალია და 1 კვადრატული მეტრი 70-100 დოლარის ექვივალენტი ლარში ფასდება.

"ინფო რუსთავი" დაინტერესადა რამდენი ნებართვა გასცა რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასულ წელს კერძო სახლის მშენებლობისთვის, როგორც სამსახურის უფროსი ეკა პაპუაშვილი აცხადებს, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე 2017 წელს 59 მშენებლობის ნებართვა გაიცა, 2018 წელიდან დღეემდე კი 4.

"ინფო რუსთავი" ასევე დაინტერესდა რამდენად ადვილად გასცემს სამსახური ნებართვებს, პაპუაშვილის განმარტებით, ძირითად შემთხვევაში ინდივიდუალური საცხოვრებელები მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, პრობლემურ ტერიტორიებს არ წარმოადგენს და ნებართვის აღებაც უპრობლემოდ ხდება .

უძრავი ქონების ბაზარზე, ადგილობრივი მცხოვრებლების გარდა, საქართველოდან წასული ემიგრანტებიც აქტიურობენ.