"ქრთამი ნიშნის დაწერის სანაცვლოდ"

2018-03-16 19:03:19

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ  ბოლო დროს  ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ადგილი აქვს ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს. კვლევის შედეგად 83 ფოკუს ჯგუფიდან 78-ში ბავშვებმა აღნიშნეს, რომ პედაგოგების მხრიდან როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობასაც აქვს ადგილი.

მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლები ქრთამს იღებენ ნიშნის დაწერის სანაცვლოდ.ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა  თქმით, არსებობენ პედაგოგები, რომლებიც უსამართლოდ ექცევიან მოსწავლეებს, ისინი აიძულებენ მათთან მომზადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სათანადო ქულის არ დაწერით იმუქრებიან.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა რა ხდება ამ კუთხით რუსთავის საჯარო სკოლებში. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც პედაგოგი თავის მოსწავლეს კონკრეტულ საგანში, მასთან მომზადებას აიძულებდეს.

როგორც რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა,  მსგავსი ფაქტი რუსთავში  არ დაფიქსირებულა - "სკოლებში, ნებისმიერი მონიტორინგის პროცესში ყველაფერს ექცევა ყურადღება, ყველა გაფრთხილებულია, რომ საკუთარი მოსწავლის მომზადება არ არის კანონით გათვალისწინებული და ეს წერია მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში. შესაბამისად ეს იქნება ადმინისტრაციის წარმომადგენელი თუ პედაგოგი ყველა იცავს კანონს და მოქმედებს მის ფარგლებში, ამიტომ რუსთავზე ვერ ვისაუბრებ რადგან ჩვენთვის არავის მოუმართავს" - განაცხადა რუსთავის რესურ ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა.

ცნობილია,რომ დარღვევის შემთხვევაში, ფაქტს სკოლის დიციპლინური კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგად დაიდება შესაბამისი დასკვნა. შესაძლოა პედაგოგს საყვედური გამოეცხადოს ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდეს.