თურქული კარტოფილის შემოტანა აიკრძალა

2018-03-18 15:14:25

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამი თვის განმავლობაში, პირველ ივნისამდე, თურქეთიდან კარტოფილის შემოტანა აიკრძალა.

აღნიშნულ განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, თურქული კარტოფილის იმპორტი კარტოფილის კიბოს გავრცელების საშიშროების გამო აიკრძალა. კარტოფილის კიბო მცენარის ერთერთ სერიოზულ ავადმყოფობად მიიჩნევა. მისი გამომწვევია სოკო Synchytrium endobioticum. დაავადებული კარტოფილის ნიადაგში მოხვედრის შემთხვევაში, ამ ნიადაგის გამოყენება 20 წლით არ შეიძლება.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცნობით, განკარგულება მიღებულია, რათა საკვებად გამიზნული თურქული კარტოფილი არ იყოს გამოყენებული სათესად.

საკითხთან დაკავშირებით მოვაჭრეები "ინფო რუსთვთან" საუბარში აცხადებენ, რომ თურქეთიდან კარტოფილის იმპორტის შეჩერებამ, შესაძლოა კარტოფილზე ფასების მატება გამოიწვიოს, კერძოდ, თუ ახალა 1 კგ ქართული ან სომხური კარტოფილის ფასი საშუალოდ 1 ლარია, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, ეს ნიშნული შესაძლოა 2 ლარამდე ავიდეს.

კარტოფილის იმპორტის აკრძალვის დროებითი ღონისძიების ამოქმედებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-17 მუხლი ითვალისწინებს.

ავტორი: ირმა კურტანიძე