"ცდილობთ გაანადგუროთ ჩემი ქმარი"

2018-03-19 11:41:46

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის, მეუღლე თეონა შალამბერიძე, მისი ქმრის მიმართ სექსუალური შევიწროვების შესახებ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ორი დღის წინ .... ცხოვრობ პატარა ბედნიერ ოჯახში მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად, შესაძლოა გაქვს იგივე პატარა თუ დიდი პრობლემები რაც ოჯახების უმრავლესობას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ აბსოლუტურად ჩვეულებრივი სტანდარტული ოჯახით. და არ გგონია, რომ ერთ დღესაც შეიძლება ეს ყველაფერი ვინმემ დაგინგრიოს ასე დაუნდობლად, სასტიკი მეთოდებით და გაწიროს უდანაშაულოდ ადამიანი და ადამიანები...

ორი დღეა ვისმენ აბსურდულ, ალოგიკურ და უსაფუძვლო ბრალდებებს ზვიადის მიმართ წლების წინ "მომხდარ" ამბებზე დღეს, ვცდილობ დავაიგნორო ადამიანები, რომლებიც ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობენ და ვცდილობ ავარიდო ჩემი შვილები ამ დაძაბულ სიტუაციას....

როდესაც პრეტენზია გაქვს სერიოზულ განცხადების გაკეთებაზე რაიმე შედეგის სანაცვლოდ, მინიმუმ მომზადებული უნდა შეხვდე, მეტი დამაჯერებლობისთვის შეთხზა ყველა საინფორმაციო წყაროსთვის ერთგვაროვანი ტექსტი, დადო ფაქტები და გამოაშკარავო „მსხვერპლი“.

ზვიადის გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო სახალხო დამცველზე დარტყმის ასარიდებლად.

თან ვფიქრობ: თქვენი მიზანია "მოძალადის" "მხილება“, თქვენ გინდათ, რომ ქალების შევიწროვებას აღარ ჰქონოდეს ადგილი, თქვენ გინდათ, რომ ქალთა უფლებები "დაიცვათ"… და ამ დროს რას აკეთებთ? ძალადობით იჭრებით სხვის ცხოვრებაში, ცდილობთ გაანადგუროთ ჩემი ქმარი, დამიზაფროთ ოჯახის წევრები და დამინგრიოთ ოჯახი!

მადლობა „ქალთა“ მოძრაობას! ზვიადი თავის სიმართლებს ცივილური და სამართლებრივი გზებით დაამტკიცებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის დასაცავად!" - წერს თეონა შალამბერიძე.

ზვიად დევდარიანი 17 მარტს ათამდე ქალმა სექსუალურ შევიწროვებაში ამხილა, ამის შესახებ სპეციალური განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა მოძრაობამ" გამოაქვეყნა. რგანიზაციის განცხადებას ზვიად დევდარიანის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან კანდიდატურის მოხსნა მოჰყვა. დევდარიანმა მის მიმართ ბრალდებები კი იმავე დღეს გავრცელებულ განცხადებაში უარყო.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე