"ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან"

2018-03-17 17:29:04

ზვიად დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა.
დევდარიანის გადაწყვეტილება "ქალთა მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ათამდე ქალი მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
ქალთა მოძრაობის წევრები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, ანონიმურობას ამჯობინებენ. რაც, რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ძალადობრივ, პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ. კულტურაში, რომელიც მსხვერპლს თავად აქცევს “დამნაშავედ”. ჩვენ არ გვაქვს არავითარი მიზეზი ეჭვი შევიტანოთ ათამდე ქალის მონაყოლში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დევდარიანი მათ სექსუალური ხასიათის წერილებს ინტენსიურად წერდა. ქალები ყვებიან, რომ უჭირდათ დევდარიანის მხრიდან გამუდმებული შევიწროვების შეჩერება.

მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს გამოითხოვოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ“, - ნათქამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საპასუხოდ ზვიად დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა მისივე თქმით, იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, თავის კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან ხსნის.

გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და შანტაჟი, რაც დღეს ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებით გაგრძელდა, რომელიც ლახავს ჩემს რეპუტაციას, ანგრევს ჩემს ოჯახს, დარტყმას აყენებს სახალხო დამცველსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორს.

ამ პირობებში, ძალიან მიმძიმს ემოციების გვერდზე გადადება, თუმცა გამოწვევა სერიოზულია და რისკები მხოლოდ პიროვნულად მე არ მიკავშირდება.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთლიანად ამ დისკუსიასა და განცხადებაშიც არეულია მორალისა და „დანაშაულის“ შემადგენელი. ვიღაცას შეიძლება მე პიროვნულად არ მოვწონდე, ან ჩემი თავისუფლება არ მოსწონდეს, თუმცა ჩემი თანამდებობა და გავლენა, რაც იყო ნახსენები განცხადებაში, ბოროტად არასდროს გამომიყენებია.

დღეს გავრცელებული განცხადება პირდაპირაა დაკავშირებული სახალხო დამცველის მიერ ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერასთან, რამაც გააჩინა შესაძლებლობა საბჭოში პოლიტიკურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კვალიფიციური კადრი ყოფილიყო წარმოდგენილი.

იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირ მივიღე შეტყობინება ქალთა ჯგუფების მხრიდან, რომ მომეხსნა ჩემი კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში გავრცელდებოდა ღია წერილი, ვთვლი, რომ არის მიზანმიმართული შანტაჟი.

წლებია ქალთა მოძრაობის წევრებთან საქმიანი ურთიერთობები მაკავშირებს და ერთად ბევრი მნიშვნელოვანი საქმეც გვიკეთებია ქალთა უფლებების სფეროში. ამ ფონზე ისმის ძალადობასა და დანაშაულზე დაუსაბუთებელი ბრალდებები, რაზეც განცხადებაშია საუბარი და რაც არანაირ შესაძლებლობას არ მაძლევს ჩემი პოზიცია გამოვხატო კონკრეტულ შემთხვევებზე. მე არასდროს გამჭირვებია შეცდომის აღიარება, როდესაც ჩემთვის ნათელია საკუთარი გადაცდომა და ამისთვის ყოველთვის მზად ვარ.

თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა.

ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან.

აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ ჩემი, ვინც ამ რთულ მომენტში მინიმუმ კითხვის ნიშანს სვამს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამავე დროს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ქალთა უფლებების მნიშვნელობას”, – ნათქვაია დევდარიანის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი, დაასახელა.

ავტორი:ირმა კურტანიძე