რუსთავში ექიმთან ვიზიტის ფასი გაიზარდა

2018-03-18 19:18:46

სამედიცინო დახმარების ცენტრებში მიმართვის დროს პაციენტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ექიმთან კონსულტაციის ხარჯებია. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა თუ რა ფასად შეიძლება კონსულტაციის მიღება ექიმთან რუსთავის სხვადსხვა სამედიცინო დაწესებულებაში და გაიზარდა თუ არა ღირებულება გასულ წელთან შედარებით.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კონსულტაცია ნებისმიერ ექიმთან   30 ლარი ღირს, ხოლო გასულ წელს იმავე მომსახურების მიღება 25 ლარად შეიძლებოდა.

კლინიკა "რუსთავში" აცხადებენ, რომ ექიმთან კონსულტაციის საფასური 30 ლარია, თუმცა თუ თქვენ მიმართავთ განყოფილების გამგეს, მასთან ვიზიტისთვის 40 ლარის გადახდა მოგიწევთ. გასულ წელს კონსულტაციის მიღება კლინიკა "რუსთავში" პაციენტს  25 ლარად შეეძლო.

რუსთავის N1 დიაგნოსტიკური ცენტრში ექიმთან კონსულტაციის საფასური 30 ლარია, გასულ წელს კი ექიმთან ვიზიტი 25 ლარი ღირდა. რაც შეეხება ფილიალს, რომელიც მე-19 მიკრორაიონში მდებარეობს, ექიმთან ვიზიტი  25 ლარი ღირს პედიატრთან ვიზიტი კი - 20 ლარი.

რუსთავის N2 დიაგნოსტიკური ცენტრში კი აცხადებენ, რომ ექიმთან  ვიზიტის საფასური არ გაზრდილა და ისევ 25 ლარია.

"ავერსის კლინიკაში" კონსულტაციის ფასი  25-40 ლარამდე მერყეობს. ღირებულება სპეციალისტის პროფილური მიმართულების მიხედვით იცვლება. ოჯახის ექიმთან ვიზიტი კი  25 ლარია, მაგალითად მამოლოგთან - 40 ლარი. გასულ წელს კონსულტაციის ფასი 25- 30ლარი ღირდა.

აღსანიშნავია, რომ კლინიკების ნაწილი სამედიცინო მომსახურების გაძვირებას ქვეყანაში მომატებულ ფასებს უკავშირებენ.

 

ავტორი ნანუკა მაღლაკელიძე