მოუწესრიგებელი მიკროავტობუსები

2018-03-15 18:34:36

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ რუსთავის 8 ნომერი მიკროავტობუსის სალონის სურათს მოსახლეობისგან გამოხმაურება მოჰყვა. მგზავრები აცხადებენ, რომ შიდა საქალაქო ტრანსპორტის უმრავლესობა მოუწესრიგებელია და გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. მოძრავ მიკროავტობუსებში არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საკრებულოს სატრანსპორტო კომისია და პროფკავშირები მიკროავტობუსების  მონიტორინგს 2016 წლიდან ახორციელებენ. მათ შიდა ტრანსპორტს რეგულაციები დაუწესეს, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალება ტექნიკურად გამართული და კომფორტული სავარძლებით უნდა  აღჭურვილიყო, თუმცა პრობლემა ჯერ კიდევ ბოლომდე მოგვარებული არ არის.
„ინფო რუსთავთან“  საუბრისას ტრანსპორტის პროპკავშირების ხელმძღვანელმა  ლავრენტი ალანიამ განაცხადა, რომ სალონების მოწესრიგება დაწყებულია, თითქმის დასრულებულია 17, 22 და 7 ნომერი მიკროავტობუსების სავარძლების მოწესრიგება, ხოლო 8,6 და 1 ნომრის მიკროავტობუსების სალონების შეცვლა ჯერ არ დასრულებულა. აღნიშნული ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა სწორედ 8 ნომერი მიკროავტობუსის სალონშია გადაღებული.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი