შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

2018-03-14 16:57:39

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, სახელწოდებით ,,არა ოჯახში ძალადობას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ძალადობის მსხვერპლი ქალების ხელშეწყობისთვის დაფუძნებული ცენტრის "იმედის" წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის გუბერნატორ, გრიგოლ ნემსაძეს, თავიანთი მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

"ქალთა უფლებების დაცვა ერთერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ხელისუფლების, ვფიქრობ, ცოტა მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო, დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ  ამ  მხრივ ყველა პროექტსა და წამოწყებას მხარი დავუჭიროთ. ვფიქრობ, რომ ბოლნისში ფუნქციონირებას განაგრძობს კრიზისული ცენტრი" - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.

ევროკავშირის მერ დაფინანსებული საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრი "იმედი" ქალაქ ბოლნისში თითქმის ერთი წელია ფუნქციონირებს. ამ დრომდე ცენტრმა დახმარება 11 ბენეფიციარს გაუწია. ადგილზე ძალადობის მსხვერპლ ქალებს ფსიქოლოგი, იურისტი, ექთანი და სოციალური მუშაკი ემსახურება. გარდა ამისა, ბენეფიციარებს საშუალება ეძლევათ ინგლისური ენასთან ერთად ბუღალტერია, კერვა და სხვა საქმიანობა შეისწავლონ. პროექტს ვადა 2018 წლის დეკემბერში გასდის.

 

ავტორი:ირმა კურტანიძე